ახალი ამბები

მიხეილ სააკაშვილი სალომე ზურაბიშვილს მიმართავს

18 თებერვალი, 2022 • 1412
მიხეილ სააკაშვილი სალომე ზურაბიშვილს მიმართავს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ღია წერილით მიმართავს.

სააკაშვილი სალომე ზურაბიშვილს სთხოვს, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მიერ პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის 2013 წელს და შემდგომ გაწეულ ხარჯებს მოხსნას საიდუმლო გრიფი.

„პირველად მოგმართავთ წერილით და ეს არაა შეწყალების მოთხოვნა. მე შესაწყალებელი არაფერი მაქვს, ვინაიდან კანონი არ დამირღვევია და ყველა წაყენებული ბრალდება და დამდგარი განაჩენი შეთითხნილი და მთლიანად საფუძველს მოკლებულია. ჩემს უდანაშაულობას, ადრე თუ გვიან, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლო დაადგენს. როგორც ფრანგმა, შეუძლებელია არ იცოდეთ, რომ ჩემ მიმართ წაყენებულ ბრალდებას არ აღიარებს არცერთი ევროპული ქვეყანა და არავინ ცივილიზებულ სამყაროში.
მე გწერთ სხვა გარემოებების გამო. თქვენ შეგიძლიათ, არა სიტყვით, არამედ საქმით იხსნათ წესიერი და დამსახურებული გენერალი თემურ ჯანაშია სრულიად უსამართლო ციხისგან თქვენი ერთი გადაწყვეტილებით, რომელიც სრულად შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას და კანონს“, — ნათქვამია სააკაშვილის მიმართვაში.

ექსპრეზიდენტი ამბობს, რომ მას და ჯანაშიას ედავებიან არა ხარჯების მიზნობრიობას, როგორც ტელევიზიით ჰყვებიან, არამედ მათი გაწევის წესს.

„თუ თქვენ ამ გრიფს მოხსნით, დადასტურდება, რომ ეს პროცედურები უბრალოდ ჯანაშიას კაპრიზი კი არ იყო, არამედ საყოველთაოდ მიღებული განგრძობითი პრაქტიკა, რომელიც, რაც მთავარია, სრულიად ჯდება კანონის ფარგლებში. თუ თქვენ დაიცავთ კონსტიტუციას და დაიცავთ კანონს, ამით გადაარჩენთ ძალიან ღირსეულ გენერალს, რომელიც მთელი ცხოვრება ემსახურება საქართველოს, 11-წლიან ციხეს, მის მრავალრიცხოვანი ოჯახის უბედურებას და მისი და სხვების შვილების განცდას, რომ ამ ქვეყანაში ერთგულება, წესიერება და კანონის დაცვა დასჯადია. მე ჩავთვალე, რომ სწორი იქნებოდა, ღია წერილით მომემართა, რათა საზოგადოება ბოლომდე საქმის კურსში იყოს იმისა, თუ რა ხდება ამ შეკერილი, ძალიან სამარცხვინო საქმეების გარშემო“, — ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის ღია წერილში.

მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ იმედს ამყარებს პრეზიდენტის “სამართლიანობის გრძნობასა და ცივილიზებულ მიდგომაზე”.

„ასევე, ქალბატონო პრეზიდენტო, სად გაქვთ გარანტია, რომ ხვალ რომელიმე უსამართლო ხელისუფლება თქვენ არ წაგიყენებთ ბრალს შეწყალების საქმეზე?! თქვენ თვითონ განაცხადეთ, რომ შეწყალება პრეზიდენტის გადასაწყვეტია. და თუ ეს ასეა, მაშინ რატომ ვარ მე შეწყალების საქმეზე გასამართლებული?! ტელევიზიით ვნახე, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მოსულ სტუმრებს შამპანურით უმასპინძლდებით. სადაა გარანტია, რომ თქვენი ვადის ამოწურვის შემდეგ ამაზე არ გაგასამართლებენ ისე, როგორც ახლა მე და ჯანაშიას გვასამართლებენ?! მიუხედავად ყველაფრისა, ქვეყანა ჩალით არაა დახურული და არც ისე ბნელა, რომ ხალხმა შავი და თეთრი ვერ გაარჩიოს“, — აცხადებს სააკაშვილი.

სახელმწიფოს კუთვნილი ქონების გაფლანგვის საქმეზე (ე.წ. პიჯაკების საქმე) პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილს და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილ უფროს თემურ ჯანაშიას ბრალი 2014 წელს წარუდგინა. გამოძიების ვერსიით, სააკაშვილისა და ჯანაშიას შორის შეთანხმებისა და პრეზიდენტის მიერ გაცემული დავალების შესაბამისად, 2009 წლის სექტემბრიდან 2013 წლის თებერვლის ჩათვლით პერიოდში, საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ მისთვის და სხვადასხვა ფიზიკური პირებისათვის საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ გაწეული მომსახურებისთვის, საიდუმლო ფორმით, გაიფლანგა სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 8 837 461 ლარი.

მასალების გადაბეჭდვის წესი