ამერიკის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, არსებობს ყველა ის მახასიათებელი, რომლის გათვალისწინებითაც რუსეთი მომდევნო დღეებში უკრაინაში შეიჭრება.
„თავდასხმის რისკი ძალიან მაღალია, რადგან მათ არ გაუყვანიათ სამხედრო ძალები. მათ შემოიყვანეს უფრო მეტი დანაყოფი. და მეორე ის, რომ ჩვენ გვაქვს მიზეზი გვჯეროდეს, რომ ისინი ამზადებენ „ცრუ დროშის” (მოვლენა, როდესაც სამხედრო ოპერაციას ასრულებს მხარე, თუმცა ამაში ბრალს მოწინააღმდეგეს სდებს, რათა სამხედრო შეტევა წამოიწყოს) ოპერაციას, რათა მიზეზი ჰქონდეთ შესაჭრელად.
ყველა მახასიათებელი მიუთითებს, რომ ისინი ემზადებიან უკრაინაში შესაჭრელად“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა 17 თებერვალს ჟურნალისტებთან საუბრისას.
CNN-ის შეკითხვაზე, თუ როდის შეიჭრება რუსეთი უკრაინაში, ბაიდენმა უპასუხა, რომ ეს „მომდევნო რამდენიმე დღეში“ მოხდება.
რუსეთმა 17 თებერვალს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს რუსეთში, ჯონ სალივანს გადასცა რუსეთის მიერ წამოყენებული უსაფრთხოების გარანტიების შესახებ ამერიკის მიერ გაგზავნილი წერილობითი პასუხის პასუხი, სადაც კიდევ ერთხელ მოითხოვა საკუთარი უსაფრთხოების გარანტიების დაკმაყოფილება, წინააღმდეგ შემთვევაში, სამხედრო-ტექნიკური ღონისძიებებით დაიმუქრა.
