კალაძის განცხადებით, მეტროში ე.წ. გამტარებლებს ბარათებს დაუბლოკავენ

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თბილისის სატრანსპორტო კომპანიის წარმომადგენლები მეტროსადგურებში მყოფ ე.წ. გამტარებლებს სამგზავრო ბარათებს ჩამოართმევენ და დაბლოკავენ.

ე.წ. გამტარებლები არიან პირები, რომლებიც მეტროსადგურებში მგზავრებს სთავაზობენ საკუთარი აბონემენტით სარგებლობას მგზავრობის ერთჯერადი ღირებულების სანაცვლოდ. თავად ეს პირები ფლობენ შეღავათიანი მგზავრობისთვის განკუთვნილ ბარათებს და ამ მეთოდით გარკვეულ მოგებას იღებენ.

„ეს არის კანონდარღვევა და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რათა ეს აღმოიფხვრას… რომ არ მივცეთ ადამიანებს კანონდარღვევის საშუალება.

ასეთი უკანონო ფაქტის დაფიქსირების შემთხვევაში, კონტროლიორს სრული უფლება აქვს, ჩამოართვას კანონდამრღვევს ბარათი და დაბლოკოს“, — განაცხადა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე.

2022 წლის პირველი თებერვლიდან თბილისში  საზოგადოებრივი ტრანსპორტით ერთჯერადად მგზავრობის საფასური გაორმაგდა, თუმცა შეღავათიანი მგზავრობის პირობები მოსახლეობის ნაწილისთვის შენარჩუნდა. ასევე დაინერგა რამდენიმე სახის აბონემენტი.