ახალი ამბები

„ვიმოქმედებთ გეგმის მიხედვით“ — პუტინის პასუხი უკრაინასთან დაკავშირებით

15 თებერვალი, 2022 •
„ვიმოქმედებთ გეგმის მიხედვით“ — პუტინის პასუხი უკრაინასთან დაკავშირებით

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ბოლომდე არ გამორიცხავს უკრაინაზე საომარ თავდასხმას და ამბობს, რომ რუსეთი გეგმის მიხედვით იმოქმედებს.

დღეს პუტინსა და გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს საერთო პრესკონფერენცია ჰქონდათ. პრესკონფერენციისას ჟურნალისტმა ჰკითხა პუტინს, გაგრძელდებოდა თუ არა ძალების გაყვანა და შეუძლია თუ არა უკრაინაზე თავდასხმის სცენარის გამორიცხვა.

„რაც შეეხება იმას, თუ როგორ ვიმოქმედებთ – გეგმის მიხედვით. და რისგან შედგება ის? – რეალური მდგომარეობისგან ადგილებზე. ვის შეუძლია უპასუხოს, როგორ აეწყობა ეს რეალური მდგომარეობა? – ჯერჯერობით ვერავის. ეს მხოლოდ ჩვენზე არ არის დამოკიდებული, თუმცა ჩვენ ვაპირებთ და მივისწრაფვით იმისკენ, რომ ვილაპარაკოთ ჩვენს პარტნიორებთან იმ საკითხებზე, რომლებიც ჩვენ დავაყენეთ –  დიპლომატიური გზით მათი გადაჭრისთვის.

ეს საკითხები ყველასთვის ცნობილია და ეხება რუსეთის უსაფრთხოების უზრუნველყოფას, რაც გულისხმობს ნატოს არგაფართოებას, [ნატოს] ბლოკის 1997 წლის კონფიგურაციაზე დაბრუნებასა და ჩვენს საზღვრებთან სიახლოვეში საომარი ინფრასტრუქტურის არგანთავსებას“, – თქვაპუტინმა და დამატა, რომ რუსეთი მზადაა სხვა საკითხებზეც იმსჯელოს, უპირველესი მნიშვნელობის საკითხებთან კომპლექსში და არა განცალკევებულად.

რაც შეეხება უკრაინის ნატოში მიღებას, პუტინის თქმით, ბოლო 30 წელია „ამბობენ, რომ ნატო არცერთი დუიმით არ გაფართოვდება“, მაგრამ უკანასკნელ დღეებში ნატოს ინფრასტრუქტურა რუსეთის საზღვრებთან დაინახა.

„ჩვენ გვესმის, რომ უკრაინა მზად არ არის დღეს ნატოში შესასვლელად, ჩვენ ეს ვიცით და აქვე ამბობენ, რომ მას ხვალ არ მიღებენ. და [გამოდის] მას მიიღებენ მაშინ, როდესაც ამისთვის მოამზადებენ? მაგრამ შესაძლოა, ეს ჩვენთვის უკვე გვიანი იყოს. ამიტომ, ჩვენ გვინდა, რომ ეს საკითხი გადავწყვიტოთ ახლა, უახლოეს პერიოდში, მოლაპარაკების პროცესის ფარგლებში, მშვიდობიანი გზით“, – დასძინა პუტინმა.


11 თებერვალს აშშ-მა განაცხადა, რომ მოახლოვდა დრო, როცა უკრაინაში რუსეთის შეჭრა ნებისმიერ წამს არის მოსალოდნელი.

არაერთმა სახელმწიფომ, მათ შორის, აშშ-მა, კანადამ, ევროკავშირის ქვეყნებმა და იაპონიამ თავის მოქალაქეებს უკრაინის დატოვებისაკენ მოუწოდა. ამასთან, აშშ-მა კიევში თავისი საელჩოს თანამშრომელთა დიდ ნაწილს ქვეყნის დატოვება უბრძანა.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის თარიღად 16 თებერვალი არის დათქმული:

„ჩვენ გვაშინებენ ომით და მათ დათქვეს შემოჭრის თარიღი. ეს პირველად არ ხდება, თუმცა ჩვენი სახელმწიფო ისეთი ძლიერია, როგორც არასდროს. ჩვენ გვითხრეს, რომ თავდასხმის დღე 16 თებერვალი იქნება, ჩვენ ამ დღეს ერთობის დღედ ვაქცევთ“, – განაცხადა მან.

ამასთან, ამერიკული მედია აშშ-ის ხელისუფლების წყაროზე დაყრდნობით აცხადებს, რომ რუსეთმა უკრაინის საზღვრის სიახლოვეს განლაგებული სამხედრო ტექნიკა „სასროლ პოზიციებზე“ გადაიტანა.

მასალების გადაბეჭდვის წესი