შტაინმაიერი გერმანიის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს

ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი გერმანიის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს. სპეციალურმა ასამბლეამ ვეტერანი პოლიტიკოსის სასარგებლოდ 13 თებერვალს მისცა ხმა.

სააგენტო Reuters-ის თანახმად, ფარული კენჭისყრით შტაინმაიერის ხელახლა არჩევა მოსალოდნელი იყო, გერმანიაში მოქმედი ძირითადი პოლიტიკური პარტიების მხრიდან მისდამი ფართო მხარდაჭერის ფონზე.

“მე მხოლოდ შემიძლია, გავაფრთხილო [პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი]… არასათანადოდ ნუ შეაფასებთ დემოკრატიის ძალას”, — აღნიშნა მეორე ვადით არჩეულმა პრეზიდენტმა უკრაინის საზღვართან რუსი სამხედროების მობილიზების შეფასებისას.

გერმანიის პრეზიდენტის პოსტი, დიდწილად, სიმბოლური მოვალეობებით შემოიფარგლება. სპეციალური ასამბლეა, რომელიც მას 5 წელიწადში ერთხელ ირჩევს, შედგება როგორც პარლამენტის დეპუტატებისგან, ისე ასობით ცნობილი მოქალაქისგან.

წელს ზემოხსენებულ ასამბლეაში შედიოდა ანგელა მერკელიც, რომელიც 16 წლის მანძილზე გერმანიის კანცლერის თანამდებობას იკავებდა.

66 წლის სოციალ-დემოკრატი შტაინმაიერი, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდგომ გერმანიაში პრეზიდენტის პოსტზე არჩეული მე-12 ადამიანია, 2005-2009 და 2003-2017 წლებში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო.

პრეზიდენტობის პირველი ვადის დროს იგი არაერთგზის ახმიანებდა განცხადებებს ძალადობისა და ექსტრემიზმის წინააღმდეგ, პანდემიის პერიოდში კი მოუწოდებდა მოქალაქეებს, აცრილიყვნენ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით.