ახალი ამბები

ტაქსი მგზავრის ასაყვანად ავტობუსის ზოლში გაჩერებას შეძლებს — კალაძე

9 თებერვალი, 2022 • 2043
ტაქსი მგზავრის ასაყვანად ავტობუსის ზოლში გაჩერებას შეძლებს — კალაძე

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ტაქსის რეფორმის მესამე ეტაპის ფარგლებში დაგეგმილი ცვლილებებით, ტაქსების ნაწილისთვის ნებადართული იქნება ავტობუსის ზოლში გაჩერება მგზავრის აყვანისა და ჩამოსასმელად.

აღნიშნული შეეხება მხოლოდ A კატეგორიის ტაქსებს, რომელიც არის მხოლოდ თეთრი ფერის, მარცხენასაჭიანი, მომსახურების გაწევისას იყენებს მანათობელ თეთრ ნიშანს შავი წარწერით „TAXI თბილისი“ და ასევე, მგზავრისთვის თვალსაჩინო ადგილას განთავსებული აქვს ტაქსით მომსახურების ნებართვა. სხვა დანარჩენ ტაქსებს, მათ შორის, აპლიკაციით მომუშავეებს, ეს უპირატესობა არ ექნებათ.

აღნიშნული საკითხის მოგვარება კახა კალაძემ ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს დაავალა. კალაძის თქმით, ახალი რეგულაციები მერიას ზაფხულის ბოლოსთვის მზად ექნება:

„ტაქსის რეფორმის მესამე ეტაპთან დაკავშირებით შიდა სამუშაოები სრულდება. ასევე, ტაქსის მომსახურების გამწევი პირებისგან ვიღებთ ინფორმაციას მათი საჭიროებების შესახებ და ვაწვდით დეტალურ ინფორმაციას დაგეგმილ პროცესებთან დაკავშირებით. მესამე ეტაპის ამოქმედებისთვის მზად ვიქნებით ზაფხულის ბოლოსთვის.

აქვე მინდა, ირაკლი ხმალაძეს დავავალო, რომ მესამე ეტაპისთვის, შეძლებისდაგვარად, გავითვალისწინოთ A კატეგორიის ტაქსის მძღოლების მიერ მგზავრის აყვანის ან გადმოსმის მიზნით ავტობუსის ზოლში გაჩერების საკითხი. უზრუნველვყოთ მისი ლეგალიზება, რათა არ მოხდეს ტაქსის მომსახურების გამწევი პირების დაჯარიმება. ამისთვის დაგვჭირდება საკანონმდებლო ცვლილება. დაამუშავეთ ეს თემა ისე, რომ პრობლემა არ შეექმნას საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილებას“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი