ზუგდიდის დადიანების სასახლის ეზოდან ბრინჯაოს სკულპტურა მოიპარეს. შსს-ს თანახმად, ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
ადგილობრივი გამოცემის, “ლაივპრესის” ცნობით, მუზეუმის თანამშრომლებმა 5 თებერვლის დილას, სტანდარტული შემოვლისას შენიშნეს, რომ კოლხური ქალ-ღვთაების სკულპტურა ადგილზე აღარ იყო.
მუზეუმის დირექტორმა ანზორ ოყუჯავამ გამოცემას უთხრა, რომ ქანდაკება წარსულში რამდენჯერმე რამდენჯერმე დაზიანდა.
“წერილიც დატოვეს, რომ კერპთაყვანისმცემლობას ებრძვიან და ამ მიზნით დააზიანეს. ახლა თვითონ ქანდაკებაა წაღებული”, — დასძინა მან.
შსს-ს ცნობით, გამოძიება სსკ-ის 183-ე მუხლით მიმდინარეობს, განსაკუთრებული ისტორიული, კულტურული, მეცნიერული ან ეროვნული ღირებულების ნივთის ან დოკუმენტის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლებას გულისხმობს.