ახალი ამბები

“მოქალაქეები” უკრაინაზე “ოცნების” რეზოლუციას მხარს დაუჭერენ

1 თებერვალი, 2022 • 1342
“მოქალაქეები” უკრაინაზე “ოცნების” რეზოლუციას მხარს დაუჭერენ

პარტია “მოქალაქეები” მხარს დაუჭერს უკრაინის მხარდამაჭერ რეზოლუციას, რომელიც “ქართულმა ოცნებამ” მოამზადა.

ამის შესახებ პარტიის წევრმა ლევან იოსელიანმა დღეს, პირველ თებერვალს, პარლამენტის სესიის სხდომაზე განაცხადა.

იოსელიანის თქმით, მას მიაჩნია, რომ როგორც ყველა წინა რეზოლუციაში, ამ რეზოლუციაშიც რუსეთის ფედერაცია უნდა იყოს ნახსენები.

“ეს არის ჩვენი პოზიცია იმიტომ, რომ თვითონ რეზოლუციის შინაარსი ეხება რუსეთს და არა რომელიმე სხვა ქვეყანას.

მე მართლა არ მესმის ლოგიკა და “ქართული ოცნების” გაჯიუტება. ახლა დავბრუნდით ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეიდან, სადაც ბევრად უფრო რთულ საკითხებს, მაგალითად, ალექსანდრე ნავალნის მოწამვლის შესახებ რეზოლუციას ერთხმად დავუჭირეთ მხარი საქართველოს დელეგაციამ; ევროსაბჭოში რუსეთის დაბრუნების რატიფიცირებაზე ერთხმად წავედით წინააღმდეგ.
მაინტერესებს, საქართველოში რატომ გახდა ეს საკითხი შეუთანხმებელი?! ტერმინებზე მიდის დავა?!” ,- განაცხადა იოსელიანმა.

იოსელიანის თქმით, რეზოლუციას, რომელშიც რუსეთი ნახსენები არ არის, მხარს უჭერს, რადგან პარლამენტში სხვა რეზოლუცია კენჭსაყრელი არ არის.

“ყველა ვთანხმდებით, რომ ამ დოკუმენტში სიტყვა რუსეთის ფედერაცია რომ ეწეროს, ყველაფერი არის დასრულებული და მოგვარებული. მეორე მხრივ, ამ დოკუმენტის შინაარსი ბევრად უფრო მეტია, ვიდრე ეს გაუთავებელი კინკლაობა პოლიტიკურ ჯგუფებს შორის ტერმინზე და უკრაინის ინტერესი ბევრად უფრო მეტია.

ამიტომ ნებისმიერ დოკუმენტს, რომელიც ხაზს უსვამს უკრაინის სახელმწიფოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას, უნდა ჰქონდეს მხარდაჭერა. ეს არის ჩვენი პოზიცია. ამიტომ მე ამ დოკუმენტს მხარს დავუჭერ, ისევე, როგორც მხარს დავუჭერდი ნებისმიერი პოლიტიკური ჯგუფის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტს, სადაც იქნებოდა რუსეთის ფედერაცია ნახსენები. უბრალოდ, სხვა არ არის წარმოდგენილი”, – განაცხადა იოსელიანმა.

პარტიის კიდევ ერთმა წევრმა ალეკო ელისაშვილმა კი “ქართული ოცნების” წევრებს მიმართა, რომ რეზოლუციის კენჭისყრა რამდენიმე დღით გადაედოთ და ტექსტი კიდევ განეხილათ.

ელისაშვილის თქმით, სიფრთხილე სწორია, მაგრამ რუსეთის ხსენების გარეშე რეზოლუციის მიღება “სისაწყლის და სიბეჩავის” გამოვლენაა და ამის მიღების შემდეგ, “არავინ ღირსეულად აღარ შემოგვხედავს, არც მეგობრისა და არც მტრისთვის არაფერი ვიქნებით”.

“არგაღიზიანების პოლიტიკას თავიდან ბოლომდე ვეთანხმები. როდესაც შენ ჯოხი გიჭირავს ხელში და მოწინააღმდეგეს ტანკი ჰყავს, ლულაში არ უნდა უჩხიკინებდე და არ უნდა აგინებდე იმიტომ, რომ გესვრის და გაგაქრობს.

კი ბატონო, ფრთხილები უნდა ვიყოთ, თავდაჯერებულები, მიზანდასახულები, მაგრამ რეზოლუციის ტექსტი, სადაც რუსეთს არ ვახსენებთ და ვითომ არაამქვეყნიური საფრთხეების წინაშე დგას უკრაინა, ჩემი აზრით, ჩვენი ქვეყნისგან სისაწყლის და სიბეჩავის გამოვლენაა. სიმართლე გითხრათ, ეს გულს ძალიან მწყვეტს. მიმაჩნია, რომ არაფერი შეიცვლება გარდა იმისა, რომ უფრო ღირსეულად დავუჭერთ მხარს ჩვენს მეგობარ ქვეყანას”, – განაცხადა ელისაშვილმა.

უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის ტექსტში, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ მოამზადა და დააინიცირა, რუსეთი ნახსენები არაა. ოპოზიცია უმრავლესობას რეზოლუციის ტექსტში რუსეთის ფედერაციის, როგორ აგრესორის, ჩაწერას სთხოვდა. თუმცა “ქართულმა ოცნებამ” ოპოზიციის მოთხოვნა არ გაითვალისწინა.

მასალების გადაბეჭდვის წესი