ამგვარი პრაქტიკები არ და ვერ იქნება ერთეული შემთხვევები – სოც. სამართლიანობის ცენტრი პოლიციელის ძალადობაზე

“სოციალური სამართლიანობის ცენტრის” შეფასებით, 24 იანვარს გავრცელებული კადრები, სადაც ჩანს, თუ როგორ სცემს პოლიციელი ახალგაზრდა კაცს, სისტემურ პრობლემაზე მიუთითებს. ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციამ განცხადება გაავრცელა.

“გავრცელებულ კადრებში საზოგადოებამ იხილა სამართალდამცავი უწყების მხრიდან გამოვლენილი ფიზიკური ძალადობა, რომლის წინაშეც მხედველობის და სმენის შეფერხების მქონე ადამიანი დაუცველი და ღირსებაშელახული იყო. განსაკუთრებით შემაშფოთებელია, თუ როგორ უგულებელყოფს პოლიცია ზრუნვისა და მხარდაჭერის მოვალეობას და ამის ნაცვლად, ჩვენი საზოგადოების ყველაზე დაუცველი ნაწილის ჩაგვრის და საგულდაგულო დასჯის პრაქტიკას ეწევა.

ჩვენთვის ნათელია, რომ ამგვარი პრაქტიკები არ და ვერ იქნება ერთეული შემთხვევები. უფლებამოსილების გადამეტების ასეთი მძიმე შემთხვევები ვერ იარსებებს ჰუმანურობაზე და ადამიანის პატივისცემაზე დაფუძნებულ სტრუქტურაში”, – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

“სოციალური სამართლიანობის ცენტრი” ასევე ახსენებს გასულ თვეში ბათუმში მომხდარსაც, როდესაც ჟურნალისტებმა გიორგი არობელიძემ და რატი რატიანმა განაცხადეს, რომ პოლიციელებმა მათზე განყოფილებაში ფიზიკურად იძალადეს.

ორგანიზაციის თქმით, ეს შემთხვევები შინაგან საქმეთა სამინისტროში არსებულ მძიმე მდგომარეობაზე მიუთითებს, რაც მათი შეფასებით, უწყების ჩაკეტილობის, ნაკლები ანგარიშვალდებულების და პოლიტიკურ ძალაუფლებაზე მორგების შედეგია.

“როგორც მოსალოდნელი იყო, წლების განმავლობაში განხორციელებულმა ინსტიტუციურმა რეფორმებმა მხოლოდ ნაწილობრივ გარდაქმნა სამართალდამცავი უწყებების მოქმედების ფორმები. სამწუხაროდ, პოლიციის მხრიდან ძალადობის პრევენცია დღემდე ვერ გახდა პოლიტიკური კლასის მხრიდან არსებითი ცვლილების საგანი. სისტემაში კვლავაც მძიმედ იგრძნობა სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფების მიმართ პოლიციის მგრძნობელობისა და ადამიანებზე ზრუნვის იდეის დეფიციტი”, – წერია განცხადებაში.

არასამთავრობო ორგანიზაცია შესაბამის სახელმწიოფ უწყებებს მოუწოდებს:

 

“პოლიციელმა მეტროსადგურში ახალგაზრდა კაცს სცემა” — ინსპექტორმა გამოძიება დაიწყო