ფაქტების გადამოწმების საერთაშორისო ქსელი Youtube-ს მიმართავს

ფაქტების გადამოწმების ორგანიზაციების საერთაშორისო ქსელი „იუთუბის“ აღმასრულებელ დირექტორს ღია წერილით მიმართავს და დეზინფორმაციის წინააღმდეგ მეტი ძალისხმევის გაწევისკენ მოუწოდებს.

ხელმომწერები ხაზს უსვამენ, რომ კოვიდ პანდემიამ მსოფლიო არაერთხელ დაარწმუნა, რამდენად დესტრუქციული შეიძლება იყოს დეზინფორმაცია და შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია საზოგადოების ჰარმონიისთვის, დემოკრატიისა და საზოგადოების ჯანდაცვისთვის. ხელმომწერები აღნიშნავენ, რომ YouTube მსოფლიოში ონლაინ დეზინფორმაციისა და შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გავრცელების ერთ-ერთი მთავარი არხია, რაც ფაქტების გადამმოწმებელთა მსოფლიო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს:

„ჩვენ ვერ ვხედავთ YouTube-ის ძალისხმევას, გაატაროს პრობლემის მოსაგვარებელი პოლიტიკა. პირიქით, YouTube საშუალებას აძლევს სხვადასხვა არაკეთილსინდისიერ აქტორს, გამოიყენოს პლატფორმა მანიპულირებისა და შეცდენის, საკუთარი ზრახვების ორგანიზებისა და თანხების მოზიდვის იარაღად. ამჟამინდელი ზომები უდავოდ არასაკმარისია. ამიტომ, დაჟინებით მოგიწოდებთ, იმოქმედოთ ეფექტიანად დეზინფორმაციისა და შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გავრცელების წინააღმდეგ, დასახოთ პოლიტიკის შემუშავებისა და პროდუქტში ჩარევის სამოქმედო გეგმა, რათა გააუმჯობესოთ ინფორმაციული ეკოსისტემა და ამის მისაღწევად ითანამშრომლოთ მსოფლიოს დამოუკიდებელ, მიუკერძოებელ ფაქტების გადამმოწმებელ ორგანიზაციებთან“, – ამბობენ განცხადების ავტორები.

მათი თქმით, ვიდეოების დიდი ნაწილი, რომელიც აქეზებდა მომხმარებლებს ბოიკოტი გამოეცხადებინათ ვაქცინაციისთვის ან ემკურნალათ კოვიდისთვის ფალსიფიცირებული მედიკამენტებით, ან/და დეზინფორმაციის შემცველი რგოლები, რომლის უკანაც პოლიტიკური ინტერესები იმალება, YouTube-ის პოლიტიკის რადარის მიღმა აღმოჩნდა და დღესაც ხელმისაწვდომია.

განცხადების ავტორები მოხარულნი არიან, რომ ბოლო ხანებში კომპანია დგამს ნაბიჯებს ამ პრობლემის მოგვარების მცდელობისაკენ, თუმცა იმის გათვალისწინებთ, რასაც ყოველდღიურად ხედავენ პლატფორმაზე, მიიჩნევენ, რომ ეს ძალისხმევა საკმარისი არ არის და არც YouTube-ს წარმოუდგენია ხარისხიანი მონაცემები მისი ნაბიჯების ეფექტიანობის დასადასტურებლად:

„თქვენი კომპანიის პლატფორმა აქამდე დეზინფორმაციის შესახებ დისკუსიებს განიხილავდა შინაარსის წაშლის ან არწაშლის მცდარი დიქოტომიის ქვეშ. ამით YouTube თავს არიდებს შესაძლებლობას, გააკეთოს ის, რაც დანამდვილებით მუშაობს: ჩვენი, როგორც ფაქტების გადამმოწმებლების გამოცდილება, აკადემიურ მტკიცებულებასთან ერთად გვეუბნება, რომ გადამოწმებული ინფორმაციის გამოაშკარავება უფრო ეფექტურია, ვიდრე შინაარსის მთლიანად წაშლა.

ამით დაცულია გამოხატვის თავისუფლება, მაგრამ ხაზგასმულია დამატებითი ინფორმაციის საჭიროება, რათა შემცირდეს სიცოცხლისთვის, ჯანმრთელობისთვის, უსაფრთხოებისა და დემოკრატიული პროცესებისთვის საშიში რისკები. რამდენადაც YouTube ნახვების დიდი ნაწილი თავისივე რეკომენდაციის ალგორითმიდან მოდის, YouTube ასევე უნდა დარწმუნდეს, რომ აქტიურად არ არეკლამებს დეზინფორმაციას თავის მომხმარებლებთან და არ სთავაზობს მათ შინაარსს არასანდო არხებიდან“, – ნათქვამია განცხადებაში.

ხელმომწერების თქმით, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სთავაზობენ კომპანიას გადაწყვეტილებებს, რომლებიც, მათ შეფასებით, მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს YouTube-ზე დეზინფორმაციისა და შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გავრცელების შემცირებაში:

განცხადებას სრულად შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე.