მამუკა ხაზარაძეს სასამართლო სხდომა დაატოვებინეს

პარტია „ლელოს“ ლიდერს, მამუკა ხაზარაძეს სასამართლო სხდომა დაატოვებინეს.

“ეს არ არის სასამართლო. ბიძინას მონები ხართ”, — მიმართა ხაზარაძემ პროკურორებს.

ხმაური სასამართლო დარბაზში პროკურორის ხანგრძლივ რეპლიკას მოჰყვა. დაცვის მხარემ გააპროტესტა, რომ პროკურატურა რეპლიკის ნაცვლად ახალ დასკვნით სიტყვას კითხულობდა.

“სამი წელია ამ ბოდვას ვისმენთ”, – მიმართა ხაზარაძემ ბრალდების მხარეს, რაზეც პროკურორმა უპასუხა, რომ სამი წელია, მან ზრდილობა ვერ ისწავლა.

ხაზარაძის რეპლიკის შემდეგ ის მოსამართლემ დარბაზიდან გააძევა.


მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძესა და ავთანდილ წერეთელს პროკურატურა ფულის გათეთრებას ედავება. საქმე ეხება 2008 წელს განხორციელებულ ფინანსურ ტრანზაქციებს. იმ პერიოდში ხაზარაძე და ჯაფარიძე “თიბისი ბანკში” საქმიანობდნენ.

გამოძიება ხსენებულ ტრანზაქციებზე მხოლოდ 10 წლის შემდეგ, 2018-ში დაიწყო. სამივე მათგანი თავიდანვე უარყოფდა ბრალდებას და საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევდა.