ადვოკატის, შოთა თუთბერიძის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილმა გადაწია ულტიმატუმის ვადა და თუ მისი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა, პროტესტის უკიდურეს ფორმას იანვრის ბოლოს მიმართავს.
მანამდე ცნობილი იყო, რომ სააკაშვილმა ხელისუფლებას ვადა 6 იანვრამდე მისცა. ადვოკატები ამ დრომდე არ აზუსტებენ, რა იგულისხმება პროტესტის უკიდურეს ფორმაში.
ტელეკომპანია „პირველთან“ საუბრისას, თუთბერიძე განმარტავს, რომ დღეს კვლავ არ მიეცა მიხეილ სააკაშვილთან კონფიდენციალური საუბრის საშუალება – ისევ აღმართული იყო მყარი ბარიერი და არ არსებობდა წერილობითი კომუნიკაციის საშუალება.
თუთბერიძე მიმართავს, მათ შორის, ადვოკატთა ასოციაციას – „დაგვეხმარონ, რომ აღმოიფხვრას ეს უმსგავსობა“.
„რაც შეეხება შიმშილობის დაწყებას, მიხეილ სააკაშვილის პოზიცია გახლავთ შემდეგი – იმ შემთხვევაში, თუ მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება და მას არ გაეწევა ადეკვატური მკურნალობა იანვრის თვის განმავლობაში, ის განაგრძობს და გამოაცხადებს პროტესტის უკიდურეს ფორმას“, – ამბობს ადვოკატი.
ჟურნალისტის დამატებით კითხვაზე, თუთბერიძე ადასტურებს, რომ სააკაშვილმა ულტიმატუმის ვადა იანვრის ბოლომდე გადაწია. სააკაშვილის მთავარი მოთხოვნები კი დამოუკიდებელი სამედიცინო ექსპერტთა ციხეში შესვლა და სრულფასოვანი კომუნიკაციის აღდგენაა.







