ახალი ამბები

გაზრდილი სტატისტიკის უკან, სავარაუდოდ, უკვე ომიკრონი დგას – ჩხაიძე

4 იანვარი, 2022 • 1952
გაზრდილი სტატისტიკის უკან, სავარაუდოდ,  უკვე ომიკრონი დგას – ჩხაიძე

იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელი ივანე ჩხაიძე ამბობს, რომ კორონავირუსის შემთხვევათა მატების მიღმა, სავარაუდოდ, „ომიკრონის“ შტამი დგას.

მისი განმარტებით, ქვეყნებში, სადაც „ომიკრონის“ გავრცელება დადასტურდა, საერთო ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა დაახლოებით 2 კვირაში გაიზარდა. სწორედ ამიტომ, საქართველოსთვის ეს კვირა პანდემიის გავრცელების თვალსაზრისით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

საქართველოში „ომიკრონის“ პირველი შემთხვევა ლაბორატორიულად 20 დეკემბერს დაფიქსირდა.

„დღევანდელი მაჩვენებელი, 3500 შემთხვევაზე მეტი, მიუთითებს იმაზე, რომ სავარაუდოდ, ამ შემთხვევების უკან უკვე „ომიკრონის“ ვარიანტი დგას, ვინაიდან წინა სამშაბათის მონაცემი, ანუ 1 კვირის მონაცემი იყო თითქმის 1000-ით ნაკლები. შესაბამისად, როდესაც ვამბობთ, რომ ქვეყანაში არის 144 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა, რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ რეალურად ანალოგიური რაოდენობაა ქვეყანაში შემთხვევების.

შემთხვევების რაოდენობა გაცილებით მეტია და ის რაოდენობა, რომელსაც ჩვენ ვპროგნოზირებდით, რომ იანვრის შუა რიცხვებისთვის იქნებოდა მაქსიმალური რაოდენობა ინფიცირების და გამოწვეული იქნებოდა „ომიკრონით“ – დღევანდელი მონაცემებით გარკვეულწილად მყარდება და, სავარაუდოდ, მივიღეთ ის, რაც მიიღო ყველა ქვეყანამ, სადაც „ომიკრონის“ შესვლა ფიქსირდებოდა“, – ამბობს ის.

ჩხაიძე ასევე დასძენს, რომ 20 დეკემბრიდან დღემდე ზუსტად 2 კვირაა გასული და, სავარაუდოდ, მომდევნო 7-10 დღეს იქნება შემთხვევების მატება.


დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის [NCDC] ინფორმაციით, 3 იანვრის მონაცემებით, საქართველოში სულ დადასტურდა „ომიკრონის“ შტამის 148 შემთხვევა.

თუმცა ექიმები და სამედიცინო ექსპერტები ამბობენ, რომ რეალურად, შემთხვევათა რაოდენობა გაცილებით მეტია. საქმე ის არის, რომ კორონავირუსის ახალი შტამის დასადგენად საჭიროა სპეციალური ლაბორატორიული კვლევა, რომელიც ყველა დადასტურებულ შემთხვევას არ უტარდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი