ახალი ამბები

სივრცით კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები რეგულაციებისგან ათავისუფლებს ინვესტორებს —  NGO-ები და აქტივისტები

30 დეკემბერი, 2021 • 2527
სივრცით კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები რეგულაციებისგან ათავისუფლებს ინვესტორებს —  NGO-ები და აქტივისტები

“სივრცით კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები, არსებული რეგულაციებისგან ათავისუფლებს და მთელ რიგ პრივილეგიებს ანიჭებს მთავრობის მიერ შერჩეულ ინვესტორებს” — აღნიშნავენ საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები და აქტივისტთა ჯგუფები 30 დეკემბერს გავრცელებულ განცხადებაში.

ისინი აკრიტიკებენ ცვლილებებს “საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში”, რომლებიც 20 დეკემბერს, მთავრობის სხდომაზე დაამტკიცეს, მიმდინარე კვირაში კი კანონპროექტის  განხილვის პროცედურის დაწყებას პარლამენტის ბიურომ დაუჭირა მხარი.  ბიურომ განიხილა.

რა სახის ცვლილებები იგეგმება

ცვლილებებით, შემოდის “მსხვილი საინვესტიციო პროექტის” განსაზღვრება, ასეთად კი ჩაითვლება პროექტი, “რომელიც ითვალისწინებს ტერიტორიის არასაცხოვრებელი ფუნქციით განვითარებას და ქმნის ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების შესაძლებლობას, ან ხასიათდება განსაკუთრებული მიზნობრიობით”.

მთავრობის თანახმად, ასეთი პროექტის განხორციელებისას დაინტერესებულ პირს უშენ ტერიტორიაზეც მიეცემა. აღნიშნულ ტერიტორიაზე განაშენიანების დეტალური გეგმის შემუშავების საკითხებსაც კანონი დაარეგულირებს.

“აღნიშნული ცვლილება წაახალისებს ბიზნესს, აუთვისებელ ტერიტორიებზე განახორციელოს ღირებული და გრძელვადიანი საინვესტიციო პროექტები, რაც თავის მხრივ, უზრუნველყოფს ასეთი ტერიტორიის პოტენციალის ეფექტურად ათვისებას და წვლილს შეიტანს რეგიონის ეკონომიკურ/სოციალურ კეთილდღეობაში”, — წერია კანონპროექტის განმარტებით ბარათში, რომელშიც ასევე ნათქვამია:

“უშენი ტერიტორიების დაუგეგმავი განაშენიანების თავიდან აცილების მიზნით, მიზანშეწონილია დადგინდეს გარკვეული წესები.

ამასთან, გარდამავალ პერიოდში, კერძოდ, მუნიციპალიტეტების მიერ შესაბამისი სივრცის დაგეგმარების და ქალაქთმშენებლობითი გეგმების შემუშავებამდე, დგინდება საქართველოს მთავრობის მიერ ნორმატიული აქტით დასახლებების უშენი ტერიტორიების პერსპექტიული და კომპლექსური განვითარებისთვის დაშვებული არეალების განსაზღვრის უფლებამოსილება და მხოლოდ ამ არეალებში განაშენიანების გეგმის/განაშენიანების დეტალური გეგმის საფუძველზე ტერიტორიების განვითარების შესაძლებლობა”.

მეორე მხრივ, ცვლილებები დაინტერესებულმა ინვესტორს საშუალებას აძლევს, თავად დაამუშაოს როგორც გენერალური გეგმის კონცეფცია, ისე დეტალური გეგმა და შესაბამისი სივრცითი დოკუმენტები.

ამასთან, ცვლილებების ძალით, II კლასის შენობა-ნაგებობებისთვის მშენებლობის ნებართვის მისაღებად ამჟამინდელთან შედარებით ნაკლები დოკუმენტაციის წარმოდგენა იქნება საჭირო. პროცედურის გამარტივებას მთავრობა აღნიშნული კლასის ნაგებობების დაბალი რისკიანობით ასაბუთებს.

კიდევ ერთი ცვლილებით, ჩნდება განსაკუთრებული რეგულირების სტატუსის მინიჭების შესაძლებლობა სპორტულ-გამაჯანსაღებელი, ეკოლოგიური, ტურისტული ანდა კულტურული ნიშნით იდენტიფიცირებული გეგმარებითი ერთეულისთვის.

“ამ ცვლილებებით ხელს შევუწყობთ ინვესტიციების განხორციელების პროცესს, ახალი არეალების გაჩენას, ოღონდ ამ არეალების უკვე გეგმარების სტანდარტების  შესაბამისად განვითარებას და ამით თავს ავარიდებთ ქაოსურ განაშენიანებას.

ამ ცვლილებების შედეგად, ველოდებით უფრო მეტი შესაძლებლობის პირობებში კიდევ უფრო მეტი საინტერესო და შინაარსიანი პროექტის განხორციელებას, როგორც დასახლებების, ასევე სხვადასხვა რეკრეაციული და დასასვენებელი ადგილების სახით…“, — თქვა ინფრასტრუქტურის მინისტრმა კანონპროექტზე საუბრისას.

რას ამბობენ არასამთავრობოები

30 დეკემბერს გავრცელებული განცხადების ხელმომწერნი მიიჩნევენ, რომ კანონპროექტი ნაჩქარევად განიხილება, რაც გამორიცხავს ზემოხსენებული ცვლილებების შედეგების სიღრმისეულ გაანალიზებას, ამას კი წარმოდგენილი ცვლილებებისა და დარგის სპეციფიურობიდან გამომდინარე, ქალაქგეგმარების საკითხები მოითხოვს.

“ამასთან, ცვლილებების შემუშავების პროცესში არ ყოფილან ჩართული დარგის სპეციალისტები, აქტივისტები, გარემოსდამცველები, მათთან არ ყოფილა განხილული ცვლილებების მომზადების აუცილებლობა და მთავრობის მიზნები, ამ ცვლილებების კანონად ქცევის შემთხვევაში”, — ვკითხულობთ განცხადებაში.

ორგანიზაციებს მიაჩნიათ, რომ “მცირე ტექნიკური და ტერმინოლოგიური გაუმჯობესებების მიღმა, წარმოდგენილი ცვლილებები დაუსაბუთებელ პრივილეგიებს ანიჭებს, მათ შორის, საჯარო უფლებამოსილებების განხორციელების შესაძლებლობას აძლევს კერძო პირებს, მათ ინტერესებს უქვემდებარებს დასახლებათა, მუნიციპალიტეტებისა და ტერიტორიების განვითარებას, აძლევს მათ უშენი ტერიტორიების, ე.წ. „გრინფილდის“ განაშენიანების შესაძლებლობას და ქმნის სივრცეს, საინვესტიციო პროექტების განხორციელება საჯარო ინტერესების უგულებელყოფით მოხდეს”.

ხელმომწერებს მიაჩნიათ, რომ ცვლილებები რიგ პრივილეგიებს ანიჭებს “მსხვილი საინვესტიციო პროექტის” განმახორციელებელს, პროექტის ცნების კრიტერიუმები კი იმდენად “ფართო, ზოგადი და ბუნდოვანია”, რომ “ქმნის შესაძლებლობას, ასეთ პროექტად დაკვალიფიცირდეს ნებისმიერი ფორმის, შინაარსისა და ტიპის, არასაცხოვრებელი ფუნქციის, ბიზნეს პროექტი”.

“წარმოდგენილი კრიტერიუმები არ იძლევა საშუალებას, წინასწარ განისაზღვროს, რომელ პროექტს მიიჩნევს მთავრობა, მსხვილ საინვესტიციო პროექტად, არ ქმნის ამ გადაწყვეტილების პროცესში საზოგადოების მონაწილეობის, გადაწყვეტილების გამჭვირვალობის, კორუფციის გამორიცხვისა და არაობიექტური გადაწყვეტილებების მიღების მექანიზმებს.

შემოთავაზებული ცვლილებების პრაქტიკაში განხორციელებით, შესაძლოა ხელისუფლებისთვის მისაღები ნებისმიერი ინვესტორი გათავისუფლდეს რეგულაციებისგან, საჯარო ინტერესების დაცვის ბოჭვისგან, მათ შორის, საზოგადოებისთვის სრულიად მიუღებელი, საჯარო ინტერესების საწინააღმდეგო პროექტის განხორციელების პროცესში.

გარდა ამისა, წარმოდგენილი ცვლილებები ამცირებს საკითხის განხილვისთვის აუცილებელ ვადებს და გარკვეული კატეგორიის ნაგებობებს უხსნის შენობის მედეგობასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს”, — აღნიშნავენ ისინი.

განცხადების ხელმომწერებს არც II კლასის ნაგებობებთან დაკავშირებული ცვლილება მოსწონთ. მათი ხედვით, აღნიშნული კლასის შენობებისთვის მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესი “კიდევ უფრო ზედაპირული და შეუსწავლელი ხდება”.

“პრივილეგიების ამ მსხვილი ჩამონათვალის მინიჭებამდე, საკანონმდებლო ცვლილება არ უტოვებს საზოგადოებას რაიმე მექანიზმს, მონაწილეობა მიიღოს „მსხვილი საინვესტიციო სტატუსის განსაზღვრაში“ და თავად დარწმუნდეს, რომ ამ სტატუსის მინიჭებით, მართლაც ღირებული პროექტი განხორციელდება”, — დასძენენ ისინი.

რაც შეეხება “მსხვილი საინვესტიციო პროექტების” განხორციელებას უშენ ტერიტორიაზე: ორგანიზაციების აზრით, ცვლილება მიმართულია  “გაუნაშენიანებელი ტერიტორიების აგრესიული და ინტენსიური განაშენიანებისკენ”.

ხსენებული ფაქტორებიდან გამომდინარე, არასამთავრობოები მიიჩნევენ, რომ პროექტის კანონად ქცევამ შესაძლოა შეუქცევადი ზიანი მიაყენოს ქვეყნის გარემოს, ადამიანთა ჯანმრთელობას და სიცოცხლეს, დასახლებებისა და მუნიციპალიტეტების განვითარების შესაძლებლობებს და მძიმედ აზარალოს საზოგადოების საჯარო ინტერესები”.

განცხადებას ხელს აწერენ: ღია საზოგადოების ფონდი; მწვანე ალტერნატივა; ურბანული კვლევების ცენტრი; დიღმის ჭალების სამეზობლო თემი; პარტიზანული მებაღეობა, თბილისი; საინიციატივო ჯგუფი „მუზეუმისთვის“; სოციალური სამართლიანობის ცენტრი; ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია; ეკო ცენტრი; მწვანეები; საზოგადოება „ბათომი“; სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი ბათუმის ფილიალი; იპოდრომის დაცვის საინიციტივო ჯგუფი.

ცვლილებები სივრცითი დაგეგმარების კანონში: მავნე პრაქტიკის დაბრუნება?

მასალების გადაბეჭდვის წესი