სააკაშვილი ჩასვეს ეტლში და ისე გადაყვანეს, წინააღმდეგობის უნარი არ ჰქონდა — გვარამია

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ნიკა გვარამია რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დღეს, 30 დეკემბერს სააკაშვილს შეხვდა.

ეს იყო სააკაშვილის შეხვედრა პირად ადვოკატებთან მას შემდეგ, რაც მისივე ნების საწინააღმდეგოდ გორის ჰოსპიტლიდან წუხელ, გვიან ღამით გადაიყვანეს.

„ფიზიკური ძალადობა არ განხორციელებულა, ის იყო დაუძლურებული. როგორც თვითონ მითხრა, მას მიაკითხა ბევრმა ადამიანმა, ჩასვეს ეტლში და მას წინააღმდეგობის გაწევის უნარი არ ჰქონდა. ის იყო გაბრუებული, როგორ ჩანს, საძილე აბები ჰქონდა მიღებული. უთხრეს, რომ მიგვყავხართ რუსთავში, მაგრამ გზაში თუ ცუდად გახდები, გადაგიყვანთ გლდანშიო“ — უთხრა გვარამიამ ჟურნალისტებს სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ,

როგორც ნიკა გვარამიამ აღნიშნა, სააკაშვილთან სრულყოფილი კომუნიკაცია არ ჰქონია და სავარაუდოდ, ის განცხადებას მოგვიანებით გაავრცელებს.

გვარამიასავე ინფორმაციით, სააკაშვილს დამოუკიდებლად გადაადგილება უჭირს და ის ორ ბადრაგს ჩამოჰყავს.

ნიკა გვარამიასავე განცხადებით, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ გორის ჰოსპიტლის მიერ გაცემული დოკუმენტი (ფორმა 100), არის გაყალბებული და რეალურად, სააკაშვილის დიაგნოზი შემსუბუქებულია.

ვერნიკეს ენცეპალოპათიის ნაცვლად ჩაუწერეს დისმეტაბოლური ენცეპალოპათია“ — აღნიშნა გვარამიამ. მისივე თქმით, სააკაშვილს სჭირდება დაუყოვნებლივი ხარისხიანი რეაბილიტაცია.