ახალი ამბები

ცოტა ადეკვატურები ხომ უნდა იყვნენ? — იმნაძე კლუბებზე

24 დეკემბერი, 2021 • 1649
ცოტა ადეკვატურები ხომ უნდა იყვნენ? — იმნაძე კლუბებზე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე ადასტურებს, რომ მთავრობა კლუბებთან ნამდვილად მუშაობდა გახსნის პირობებზე, თუმცა „გამოჩნდა ომიკრონი“.

ამის შესახებ იმნაძემ რუსთავი 2-ის ეთერში ისაუბრა. წამყვანმა მას ჰკითხა, რატომ იმართება საახალწლო ღონისძიებები მაშინ, როცა კლუბებს მუშაობის საშუალებას არ აძლევენ, რაზეც იმნაძემ უპასუხა:

„ცოტა ადეკვატურები ხომ უნდა იყვნენ? მე მესმის მათი ბიზნესინტერესები, ძალიან კარგად მესმის და ვიცი, რომ ეს სექტორი ძალიან დაიჩაგრა, მაგრამ კლუბის შედარება შეიძლება ღონისძიებასთან, რომელიც გარე სივრცეში ტარდება, ხალხი რომ გარეთაა? ეგენი მართლა კლუბში არ ყოფილან, თუ რა? მინიმუმ 2 ათასი კაცი რომ დახურულ სივრცეში ცეკვავს… კარგით, რა… “

ღამის კლუბები აცხადებენ, რომ მიმდინარე წლის დეკემბერში ხელისუფლებისგან მიიღეს გახსნის პირობა, მოემზადნენ გასახსნელად, თუმცა მათთვის მოულოდნელად მუშაობის უფლება კვლავ არ ეძლევათ. მიუხედავად შეზღუდვისა, კლუბებმა მაინც გადაწყვიტეს ღონისძიების ჩატარება.

დღეს, 24 დეკემბერს, კლუბ ბასიანში დაგეგმილია გასართობი ღონისძიება, თუმცა კლუბთან დილიდან მობილიზებულია შრომის ინსპექცია და პოლიცია. შრომის ინსპექციის თანამშრომლებმა კლუბში შესვლა საღამოს საათებში სცადეს, სავარაუდოდ, დასაჯარიმებლად, მაგრამ კლუბის კარი არავინ გაუღო. კლუბთან ღონისძიების დაწყებას ელოდებიან ადამიანები, რომლებსაც ბილეთები უკვე ნაყიდი აქვთ.

მასალების გადაბეჭდვის წესი