კლუბების გახსნაზე გადაწყვეტილება არ მიგვიღია — ღიბრაძე

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსი გიორგი ღიბრაძე აცხადებს, რომ ღამის კლუბების გახსნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭოს არ მიუღია. ამის შესახებ ღიბრაძემ დღეს, 22 დეკემბერს, საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება საქართველოში ომიკრონის შტამის გავრცელების საფრთხეებს უკავშირდება:

“როგორც მოგეხსენებათ, საქართველოში უკვე დაფიქსირდა ომიკრონის შემთხვევები და მიმდინარეობს კიდევ კვლევა რამდენიმე შემთხვევაზე. იმის პოტენციალი, რომ ჩვენთანაც გავრცელდეს ეს ვირუსი, ცხადია, მაღალია. შესაბამისად, კლუბებთან მიმართებით ლიბერალიზაცია დღეს არ არის, ანუ არ მიგვიღია გადაწყვეტილება კლუბების გახსნასთან დაკავშირებით იმიტომ, რომ ტენდენციაც რომ ნახოთ მთელ მსოფლიოში, სადაც დაშვებული იყო, იქაც შეზღუდვები და გაუქმებები მოაქმედებს”, — განმარტა ღიბრაძემ.

ამასთან, მისი თქმით, შრომის ინსპექციამ აკრძალვის პერიოდში ღამის კლუბებში ჩატარებულ ღონისძიებებზე კანონის შესაბამისად მოახდინა რეაგირება:

“რაც შეეხება შრომის ინსპექციას და ჩატარებულ ღონისძიებებს, ცხადია, ამ ჩატარებული ღონისძიებების შესახებ ვიცით და არასწორი ინფორმაცია, რომ შრომის ინსპექციას რეაგირება არ მოუხდენია. შრომის ინსპექციამ განახორციელა კანონით განსაზღვრული [ზომები]”, — განაცხადა შტაბის უფროსმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, რომლის თანახმადაც ღამის კლუბების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ღონისძიებებს “მაინც გამართავენ”, ღიბრაძემ უპასუხა:

“საქართველოში არის კანონი, რომლის წინაშეც ყველა ერთნაირი ვართ. კანონი ამბობს, რომ აღნიშნული ღონისძიებების ჩატარება აკრძალულია, “მაინც ჩაატარებენ” ლოგიკა არ მესმის”, – თქვა მან.

შრომის ინსპექცია ღამის კლუბებს აფრთხილებს, რომ ჯერ გახსნის უფლება არ აქვთ