ახალი ამბები

კალაძის თქმით, უკანონო ნაგებობების დემონტაჟი ყოველთვის მოხდება

16 დეკემბერი, 2021 • 1358
კალაძის თქმით, უკანონო ნაგებობების დემონტაჟი ყოველთვის მოხდება

კახა კალაძის თქმით, ქალაქის მასშტაბით უკანონო შენობა-ნაგებობების დემონტაჟი ყოველთვის მოხდება და საჭიროებისამებრ, ამაში მერიას შინაგან საქმეთა სამინისტროც დაეხმარება.

კალაძემ ეს განცხადება აფრიკის დასახლებაში შენობების დემონტაჟის წლისთავზე გააკეთა. მაშინ, დაახლოებით 200-მდე პოლიციელის მობილიზების ფონზე, ის შენობები დაანგრიეს, სადაც ადგილობრივების თქმით, ისინი საცხოვრისს იწყობდნენ.

„არასდროს შევეგუებით კრიმინალური ჯგუფების მხრიდან დედაქალაქის მასშტაბით მიწების მიტაცებას და უკანონო მშენებლობის განხორციელებას“, – თქვა კალაძემ დღევანდელ ბრიფინგზე.

„მინდა ყველას დავპირდე, რომ არავითარ შემთხვევაში ჩვენ ამას არ დავუშვებთ და ამას მოჰყვება ყოველთვის რეაგირება. ყოველთვის მოხდება ამ შენობა-ნაგებობების დემონტაჟი. რა თქმა უნდა, თქვენ მოგეცემათ, უპირველეს ყოვლისა, საშუალება, რომ თქვენვე განახორციელოთ დემონტაჟი, თუ ამას არ გააკეთებთ – მუნიციპალური ინსპექცია და ჩვენი შესაბამისი სამსახურები იმოქმედებენ კანონის შესაბამისად.

ყველა იმ ოჯახს, ვისაც აქვს სახლის პრობლემა,- და დაახლოებით 400-მდე ასეთი ოჯახი გვყავს დედაქალაქში, რომელიც ატარებს უსახლკაროს სტატუსს, – ყველა იქნება უზრუნველყოფილი საცხოვრებელი ფართით. ჩვენ 2022 წელს ვიწყებთ ამ პროგრამის განხორციელებას, ეს იყო ჩემი საარჩევნო დაპირება – არცერთი უსახლკარო თბილისელი ოჯახი არ გვეყოლება“, – თქვა თბილისის მერმა და დაამატა, რომ ისინი მუნიციპალური საცხოვრისით უზრუნველყოფილნი იქნებიან.

კალაძის თქმითვე, მერიისთვის სრულიად მიუღებელია შენობების უკანონო დატაცება და უწყებამ ამჟამადაც იცის კონკრეტული ლოკაციების შესახებ, სადაც მსგავსი მშენებლობები მიმდინარეობს. კალაძემ მუნიციპალურ ინსპექციას დაავალა, რომ ეს მშენებლობები გაეფრთხილებინათ და თავიანთი ძალებით დაეწყოთ დემონტაჟი.

„წინა შემთხვევებში ჩვენ ვნახეთ, თუ ვინ დგას ასეთი კრიმინალური საქმიანობის უკან – კონკრეტული ადამიანები, ვისაც 2-3 საცხოვრებელი ბინა აქვთ, რეგიონებში ჰექტრობით მიწა აქვთ, ეწევიან სხვადასხვა ბიზნესსაქმიანობას და ა.შ. ძალიან პრინციპულები ვიქნებით და არავის მიეცემა იმის შესაძლებლობა, რომ ქალაქის მასშტაბით დაიტაცონ მიწები და შემდეგ უკანონო მშენებლობები განახორციელონ.

ასე რომ, იმოქმედეთ შესაბამისმა სამსახურებმა და თუ საჭირო იქნება, შინაგან საქმეთა სამინისტროც ყოველთვის მზად არის მხარდაჭერისთვის, თანადგომისთვის და კანონის ფარგლებში უნდა მოექცეს ყველაფერი“, – დასძინა მან.


2020 წლის 15 დეკემბერს აფრიკის დასახლებაში (სამგორის რაიონში) თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ ტექნიკის გამოყენებით დაანგრია რამდენიმე შენობა.

ადგილობრივმა მოსახლეობამ წინააღმდეგობის გაწევა სცადა, რათა შენობები არ დაენგრიათ, თუმცა მერიის წარმომადგენლებმა, დაახლოებით 200-მდე პოლიციელის მობილიზების ფონზე, შენობები მაინც დაანგრიეს.

თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ ამ ტერიტორიაზე არავინ ცხოვრობს და ეს „დატაცებული მიწებია“. მუნიციპალური ინსპექციის განცხადებით, მოხდა „ადგილზე უკანონოდ აშენებული რამდენიმე შენობა-ნაგებობის დემონტაჟი“.

მოგვიანებით კალაძემ განაცხადა, რომ „არცერთი ნაგებობა, რომელიც დემონტაჟს დაექვემდებარა, დასრულებული არ იყო“. მისი განცხადებითვე, ყველა დანგრეული ნაგებობა იყო „მშენებარე და, რა თქმა უნდა, იქ ადამიანები არ ცხოვრობდნენ“.

თუმცა ადგილობრივების ნაწილი ამბობდა, რომ ეს სახლები მათი ერთადერთი საკუთრებაა.

ამავე თემაზე გირჩევთ:

აფრიკა: რატომ ჩნდება ასეთი დასახლებები და როგორია სახელმწიფოს საცხოვრისის პოლიტიკა

მასალების გადაბეჭდვის წესი