ახალი ამბები

სახელმწიფო ინსპექტორმა სააკაშვილი კიდევ ერთხელ გამოკითხა

15 დეკემბერი, 2021 •
სახელმწიფო ინსპექტორმა სააკაშვილი კიდევ ერთხელ გამოკითხა

პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც გორის სამხედრო ჰოსპიტალში მკურნალობს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებელმა გამოკითხა. აღნიშნული უწყება 1 თვეზე მეტია იძიებს ექსპრეზიდენტისადმი შესაძლო არაადამიანურ მოპყრობას.

გამომძიებელ გიორგი მიქელაძეს ჟურნალისტებისთვის არ უთქვამს, კონკრეტულად რა ჰკითხეს სააკაშვილს. მისი განცხადებით, გამოკითხვა თავად ექსპრეზიდენტისა თუ მედიის მიერ გასულ პერიოდში გავრცელებულ ცნობებს შეეხებოდა.

ინსპექტორის სამსახურმა სააკაშვილი ნოემბერში ერთხელ უკვე გამოკითხა.

“მე შესვლამდეც განვაცხადე, რომ მიხეილ სააკაშვილის გამოკითხვა შეეხებოდა პირველი გამოკითხვის შემდეგ მის მიერ და საჯარო სივრცეში გავრცელებულ სხვა ინფორმაციებს.

კონკრეტული შეკითხვების დასახელებისაგან, თუ რა ფორმით და რა შეკითხვები დაესვა მას, რა თქმა უნდა, თავს შევიკავებ, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე.

თუმცა ზოგადად გიდასტურებთ, რომ მისი გამოკითხვა შეეხო პირველი გამოკითხვის შემდეგ [გამოვლენილ] ახალ გარემოებებს, რომლებიც მან გააჟღერა, მათ შორის, სასამართლო პროცესზე”, — დასძინა მიქელაძემ 15 დეკემბერს, სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ.

მისივე თქმით, სახელმწიფო ინსპექტორმა სრულად მოიპოვა პენიტენციური სამსახურიდან გამოთხოვილი ინფორმაცია. მიქელაძის სიტყვებით,  გამოძიება “ინტენსიურ რეჟიმში” მიმდინარეობს და იკითხება ყველა, ვისაც შესაძლოა, საქმესთან შემხებლობა ჰქონდეს ან რაიმე, გამოძიებისთვის საინტერესო ინფორმაციას ფლობდეს.

29 ნოემბერს, თავის სასამართლო პროცესზე, ექსპრეზიდენტმა თქვა, რომ გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაყვანისას და უშუალოდ დაწესებულებაში მიყვანის შემდეგ არაადამიანურად მოეპყრნენ.

მისი განცხადებით, როდესაც უარი განაცხადა გლდანის დაწესებულებაში გადასვლაზე, ძალის გამოყენებით გადაიყვანეს სასწრაფო დახმარების მანქანიდან, ფიზიკურად შეურაცხყვეს, “იყო მოხრჩობის მცდელობა”, ასევე, გააძვრეს ფეხსაცმელი და ტანსაცმელი.

სააკაშვილის ადვოკატის, შოთა თუთბერიძის თქმით, დღევანდელი გამოკითხვისას გამომძიებელს მისთვის საინტერესო ყველა ცნობა მიაწოდეს.

“მიხეილ სააკაშვილი თანამშრომლობს სახელმწიფო ინსპექტორი აპარატთან, იმიტომ, რომ ეს არის ერთ-ერთი იშვიათი გამონაკლისი ადმინისტრაციული ორგანოებიდან, რომელიც არ არის “ქართული ოცნების” პოლიტიკური წნეხის ქვეშ.

ამიტომ, ბუნებრივია, მივაწოდეთ სრული ინფორმაცია გამომძიებელს ყველა იმ საკითხზე, რაც მას აინტერესებდა. მათ შორის, არაადამიანური მოპყრობისა და წამების ფაქტებზე”, — დასძინა მან.

თუთბერიძემ ასევე თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილი თავს ისევ ცუდად გრძნობს.

“[ექსპრეზიდენტი] იძულებული გახდა, საკვების დიდი ნაწილი — ალბათ, 80%, 3/4 — რომელიც ჩვენს თვალწინ, იმ მომენტში შეუტანეს, უკან დაებრუნებინა”, — აღნიშნავს ადვოკატი.

სააკაშვილი პატიმრობაში

მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს დააკავეს მას შემდეგ, რაც უკრაინიდან საქართველოში დაბრუნდა. დაკავების დღიდან მან შიმშილობა გამოაცხადა. მსჯავრდადებული ექსპრეზიდენტი 50 დღის განმავლობაში შიმშილობდა.

სააკაშვილის მხარდამჭერები მის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვდნენ, რაზეც ხელისუფლება უარს ამბობდა. შიმშილობის 49-ე დღეს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა და 19-20 ნოემბრის მიჯნაზე, ღამით, გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

ექსპრეზიდენტმა ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ, სპეციალური პროტოკოლით, 20 ნოემბერს განაახლა კვება.

სააკაშვილის წინააღმდეგ რამდენიმე საქმეა აღძრული. მათ შორისაა ვალერი გელაშვილის ცემის, სანდრო გირგვლიანის, 7 ნოემბრისა და ბიუჯეტის გაფლანგვის საქმეები.

თავად ექსპრეზიდენტი ყველა ამ საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს და ბრალს არც ერთ შემთხვევაში აღიარებს.

მთავარ ფოტოზე: გამომძიებელი გიორგი მიქელაძე. სქრინი “რადიო თავისუფლების” ფეისბუკ ლაივიდან

მასალების გადაბეჭდვის წესი