პარლამენტის 150 წევრიდან, ბიზნესთან კავშირი 62 დეპუტატს აქვს – TI

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ახალი ანგარიშის მიხედვით, პარლამენტის 150 წევრიდან ბიზნესთან კავშირი 62 დეპუტატს აქვს. ანგარიშში TI აცხადებს, რომ დეპუტატების ნაწილს არაპირდაპირი სამეწარმეო საქმიანობა არასრულად აქვს დეკლარირებული და აღნიშნავს, რომ პარლამენტის წევრების არადეკლარირებული ბიზნესაქტივები და მათ სტატუსთან შეუთავსებელი საქმიანობა მეათე მოწვევის პარლამენტშიც პრობლემას წარმოადგენს.

ორგანიზაციის განცხადებით, 2021 წლის 16 სექტემბრის მდგომარეობით, ოფიციალური მონაცემების შესწავლის საფუძველზე გამოიკვეთა, რომ პარლამენტის 150 წევრიდან ბიზნესთან კავშირი აქვს 62 დეპუტატს. მათგან 10 დეპუტატს წილის საკუთრება არასრულად აქვს მითითებული დეკლარაციაში, ეს დეპუტატები არიან:

  1. დავით კაჭარავა,
  2. ნონა მამულაშვილი,
  3. ლევან მგალობლიშვილი,
  4. ცეზარ ჩოჩელი,
  5. ტარიელ ნაკაიძე,
  6. ნინო წილოსანი,
  7. დილარ ხაბულიანი,
  8. იაგო ხვიჩია,
  9. ზაალ დუგლაძე,
  10. ფრიდონ ინჯია;

13-მა დეპუტატმა კი, ორგანიზაციის განცხადებით, არასრულად დაადეკლარირა მისი არაპირდაპირი სამეწარმეო საქმიანობა (დაკავშირებული/შვილობილი საწარმოები).

ანგარიშის მიხედვით, ყველაზე მეტ კომპანიაში ბიზნესაქტივებს (10 და მეტი კომპანიაში) შემდეგი დეპუტატები ფლობენ:

TI აღნიშნავს, რომ სამეწარმეო საქმიანობასთან დაკავშირებით პარლამენტის წევრს უფლება არ აქვს, უშუალოდ განახორციელოს არაერთჯერადი საქმიანობა მოგების მიზნით მატერიალური ფასეულობებისა და ფინანსური საშუალებების სამართავად. ამასთან, დეპუტატს ეკრძალება, უშუალოდ იყოს კომპანიის ხელმძღვანელი, განახორციელოს სამეწარმეო სუბიექტის სამეთვალყურეო, საკონტროლო, სარევიზიო ან საკონსულტაციო ორგანოს წევრის უფლებამოსილებანი.

ანგარიშის ავტორების თქმით, 12 შემთხვევაში დეპუტატები პარლამენტში საქმიანობის პარალელურად განაგრძობდნენ სამეწარმეო სუბიექტის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელებას, ეს დეპუტატები არიან:

  1. გიორგი გოდაბრელიძე,
  2. აბდულა ისმაილოვი,
  3. მანუჩარ კვირკველია,
  4. ნონა მამულაშვილი,
  5. მამუკა მდინარაძე,
  6. როსტომ ჩხეიძე,
  7. დევი ჭანკოტაძე,
  8. ლევან ხაბეიშვილი,
  9. იაგო ხვიჩია,
  10. დიმიტრი ხუნდაძე,
  11. თამარ ჩარკვიანი,
  12. ხათუნა კვიციანი.

ამასთან, ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ სამეწარმეო საქმიანობიდან მიღებულ შემოსავლად უმეტეს შემთხვევაში დეკლარაციებში მითითებულია 0 ლარი. შემოსავალს სამეწარმეო საქმიანობიდან, ანგარიშის მიხედვით, 62-დან მხოლოდ 22 დეპუტატი უთითებს.

შევსებული დეკლარაციების მიხედვით, ერთი წლის განმავლობაში ყველაზე მაღალ შემოსავალს სამეწარმეო საქმიანობიდან აფიქსირებენ:

„პარლამენტის წევრთა არადეკლარირებული სამეწარმეო საქმიანობისა და მათი ბიზნესთან კავშირის შესახებ ანგარიში ეყრდნობა ოფიციალური წყაროების (თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდი, პარლამენტიდან გამოთხოვილი ინფორმაცია) დამუშავების შედეგად მოგროვებულ ინფორმაციას.

არადეკლარირებული კომპანიები რეალურად ეწევიან თუ არა სამეწარმეო საქმიანობას, ამის დადგენის შესაძლებლობა ჩვენ არ გაგვაჩნია და ამ საკითხით საჯარო სამსახურის ბიურო უნდა დაინტერესდეს. ინტერესთა შეუთავსებლობის საკითხი კი პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა უნდა შეისწავლოს“, – აცხადებენ ორგანიზაციაში.