5 ივლისს სახელმწიფომ უსაფრთხოების სათანადო ზომები არ მიიღო – საია

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, 2021 წლის 5 ივლისს სახელმწიფომ საზოგადოებრივი უსაფრთხოების და ჯანმრთელობის დასაცავად სათანადო ზომები არ მიიღო. ამის შესახებ საია 5-6 ივლისის მოვლენების სამართლებრივი შეფასების ანგარიშში წერს.

“კვლევამ აჩვენა, რომ 2021 წლის 5 ივლისს სახელმწიფომ არ მიიღო სათანადო ზომები საზოგადოებრივი უსაფრთხოების და ჯანმრთელობის დასაცავად. აგრესიულმა ჯგუფებმა დაარღვიეს საზოგადოებრივი წესრიგი, ჩაიდინეს სიძულვილით მოტივირებული დანაშაულები. დაარღვიეს ლგბტქი თემის წევრებისა და მათი მხარდამჭერების გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება, ასევე, კერძო საკუთრების უფლება, უხეშად ჩაერივნენ მედიის თავისუფლებასა და ჟურნალისტურ საქმიანობაში.

ხელისუფლებამ დაარღვია მისი პოზიტიური ვალდებულებები. ტოლერანტული, შემრიგებლური პოზიციის ადვოკატირების ნაცვლად, სახელმწიფოს წარმომადგენლების განცხადებებმა წაახალისა ძალადობა. სავარაუდო დაპირისპირების მოლოდინს არათუ მოსახლეობის ზოგადი დამოკიდებულება, არამედ კონტრაქციის ორგანიზატორთა განცხადებებიც მათ ძალადობრივ მიზანზე მიუთითებდა. მიუხედავად ამისა, შსს-მ ვერ უზრუნველყო სათანადო საპოლიციო ძალების მობილიზება, ასევე, ძალადობის შემთხვევებზე ეფექტიანი რეაგირება და მათი აღკვეთა”, – ნათქვამია საია-ს განცხადებაში.

ორგანიზაციის განცხადებით, ასევე პრობლემატურია ღირსების მარშის საწინააღმდეგოდ გამართულ აქციაზე მომხდარ შესაძლო დანაშაულებზე დაწყებული გამოძიებები. საია-ს თქმით, ორგანიზაციის დაცვის ქვეშ მყოფებს მტკიცებულებების სრულყოფილად გაცნობის შესაძლებლობა არ მიეცათ.

საია-ს თქმით, ეფექტიანი გამოძიებისა და სათანადო ნების არსებობის შემთხვევაში ბრალდების მხარე დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით ჯგუფური ძალადობის ორგანიზატორების და მათში მონაწილე სხვა პირების გამოკვეთა შეეძლო, რადგან არსებობს საჯაროდ გავრცელებული ვიდეოჩანაწერები, რომელიც 5-6 ივლისის მოვლენებს ასახავს.

“სახელმწიფო არ უზრუნველყოფს მედიის წარმომადგენლების მიმართ ხელის შეშლისა და თავდასხმის ფაქტების დროულ აღკვეთას და არაეფექტიანი გამოძიებით სათანადო რეაგირების გარეშე ტოვებს მომხდარ დანაშაულებს. მსგავსი დამოკიდებულება ახალისებს ძალადობას, აჩენს „დაუსჯელობის სინდრომს“ და საფრთხეს უქმნის საზოგადოებას. ასეთი დანაშაულები ქვეყანაში ბადებს პროფესიული საქმიანობის განხორციელების, პიროვნების იდენტობის, აზრის გამოხატვის და თავისუფალი განვითარების შიშს. ეს კი, თავის მხრივ, ეწინააღმდეგება დემოკრატიული სახელმწიფოს იდეას”, – წერს არასამთავრობო ორგანიზაცია.

საია სხვადასხვა უწყებას აძლევს რეკომენდაციას. კერძოდ მოუწოდებს:

 


2021 წლის 5-6 ივლისის ძალადობრივი მოვლენების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიცირება პარლამენტში ფრაქცია “შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფმა“ 22 ივლისს მოახდინა. თუმცა კომისიის შექმნა ამ დრომდე ვერ მოხერხდა იმ მიზეზით, რომ საგამოიძიებო კომისიის შესაქმნელად საჭირო 50 ხმა ვერ გროვდება.

5 ივლისს თბილისში”ღირსების მარშის” საწინააღმდეგოდ მიმდინარე კონტრაქციის მონაწილეები თავს დაესხნენ ჟურნალისტებსა და ცალკეული ორგანიზაციების ოფისებს, რა დროსაც ფიზიკურად დაშავდნენ მოქალაქეები.

6 ივლისს თბილისში, პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციის პარალელურად გამართული კონტრაქციის მონაწილეები შეკრებილ მოქალაქეებს ესროდნენ ასაფეთქებელ საშუალებებსა წყლის ბოთლებს. მოგვიანებით, მას შემდეგ, რაც კონტრაქციის მონაწილეებმა დაიკავეს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია, ჩამოხსნეს ევროკავშირის დროშა.