სახელმძღვანელოს აკლია მითითება, რომ სააკაშვილი კრიმინალი პრეზიდენტია – კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საქართველოს ისტორიის მე-9 კლასის სახელმძღვანელოზე საუბრისას ამბობს, რომ მას ნამდვილად აკლია „სააკაშვილის ავტორიტარულ რეჟიმზე“ მითითებები და აუცილებლად უნდა დაემატოს.

მისი თქმით, მეტი ფაქტის კონსტატაციაა საჭირო, რომ „ბავშვებმაც იცოდნენ, როგორი იყო სააკაშვილის ავტორიტარული რეჟიმი და რა მასშტაბის ქველმოქმედება აქვს განხორციელებული ბიძინა ივანიშვილს“.

„ჩვენ ვიხილეთ სიცრუის ტირაჟირების მცდელობა „ნაცმოძრაობის“ მხრიდან ჩანაწერებთან დაკავშირებით, რომლებიც გვხვდება კონკრეტულ სასკოლო სახელმძღვანელოში. აქ საქმე გვაქვს მარტივი ფაქტების კონსტატაციასთან. ეს ფაქტები არის ლაკონიურად და მოკრძალებულად ციტირებული. ვგულისხმობ ყველა ასპექტს, მათ შორის ვგულისხმობ იმ მმართველობას, რომელიც „ნაცმოძრაობის“ დროს იყო ჩამოყალიბებული.

ერთი რამ ნამდვილად აკლია ამ სახელმძღვანელოს. აკლია მითითება, რომ სააკაშვილის რეჟიმის პირობებში, 9 წლის განმავლობაში, საქართველოში იყო ჩამოყალიბებული უმძიმესი ავტორიტარული რეჟიმი, რომლის შედეგები იყო ადამიანის უფლებათა სისტემური ხელყოფა, ადამიანების წამება, არადამიანური მოპყრობა, ბიზნესის რეკეტი, ადამიანებზე ზეწოლა და ა.შ.

ეს ყველაფერი ნამდვილად აკლია ამ სახელმძღვანელოს და, ვფიქრობ, მომავალში ეს ყველაფერი სახელმძღვანელოში არის შესატანი. ასევე აკლია მითითება, რომ სააკაშვილი არის კრიმინალი პრეზიდენტი, რომლის დანაშაულიც აღიარებული იქნება ქართული მართლმსაჯულების მიერ. ვფიქრობ, ასეთი ჩანაწერები სახელმძღვანელოს აუცილებლად უნდა დაემატოს, ეს იქნება ფაქტების კონსტატაცია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სოციალურ ქსელებში დისკუსია მიმდინარეობს ისტორიის მე-9 კლასის ორ, აწ უკვე გრიფირებულ სახელმძღვანელოსთან დაკავშირებით. ერთი “დიოგენემ” გამოსცა, მეორე კი — “ლოგოს პრესმა”. მონაკვეთები, რომლებმაც აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, 2003-2012 წლების პერიოდს, კერძოდ, ვარდების რევოლუციასა და ენმ-ის მმართველობას, აგვისტოს ომს, ასევე, ხელისუფლების ცვლილებასა და ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული “ქართული ოცნების” მმართველობის წლებს შეეხება.

ერთ-ერთი ყველაზე საკამათო პასაჟი ივანიშვილის დახასიათებას მოიცავს. “დიოგენეს” სახელმძღვანელოში, “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის ფაქტზე საუბრისას, პარტიის დამფუძნებელი მოხსენიებულია, როგორც “ცნობილი ქველმოქმედი და მეცენატი”. “ლოგოს პრესის” წიგნში კი ივანიშვილის ბიოგრაფია, მიხეილ სააკაშვილისა და ზურაბ ჟვანიას მსგავსად, ცალკეა მოცემული. მასში ვკითხულობთ:

“ბიზნესმენი, ქველმოქმედი და პოლიტიკოსი. 1988 წელს დააფუძნა კოოპერატივი “აგროპროგრესი, რომელიც მოგვიანებით სამეწარმეო კომპანიად გადაიქცა. 1990 წელს დააფუძნა ბანკი “როსიისკი კრედიტი”. 1995 წელს დააარსა საქველმოქმედო ფონდი “ქართუ”… პოლიტიკაში მოსვლამდე აფინანსებდა კულტურული მემკვიდრეობის დაცვა-აღდგენის პროექტებს და ფინანსურად ეხმარებოდა სახელმწიფო ინსტიტუტებს”.

რატომ აკრიტიკებენ ისტორიის სახელმძღვანელოებს