ახალი ამბები

სააკაშვილი სამივე კონსილიუმის წევრებს მადლობას უხდის

4 დეკემბერი, 2021 • 904
სააკაშვილი სამივე კონსილიუმის წევრებს მადლობას უხდის

გორის სამხედრო ჰოსპიტალში მყოფი მიხეილ სააკაშვილი საკუთარი ჯანმრთელობის მონიტორინგისთვის შექმნილ სამივე კონსილიუმის წევრებს მადლობას უხდის.

„მინდა, მივმართო ყველა ექიმს და ექთანს, საერთოდ მთლიანად მედპერსონალს. დიდი მადლობა თქვენი კოვიდთან ბრძოლაში გამოჩენილი გმირობისთვის, პროფესიონალიზმისთვის, ადამიანობისთვის, გამოჩენილი წესიერებისთვის.
განსაკუთრებით მინდა, მადლობა გადავუხადო, სამივე სამედიცინო კონსილიუმის წევრებს, პრინციპულობისთვის და ზეწოლის გაძლებისთვის“, – აცხადებს სააკაშვილი.

მისივე თქმით, მან დიდი წვლილი შეიტანა სამედიცინო სფეროს განვითარებაში.

„ვამაყობ, რომ ჩემი დიდი წვლილი შევიტანე ახალი კლინიკების შექმნაში. ჩემი შემდეგი გეგმა იყო უმცროსი მედპერსონალისთვის ხელფასის გაორმაგება და მთელი პერსონალის გადამზადება, რათა ჩვენს ექიმებს შეძლებოდათ, ასევე, სამედიცინო ტურიზმის მიღება და ხელფასების მკვეთრი ზრდა ამის ხარჯზე.
დღეს ბევრ ექიმს და ექთანს, რამდენიმე ადგილას ერთდროულად უხდება მუშაობა. წელზე ფეხს იდგამენ, ოღონდ ოჯახები როგორმე არჩინონ. ახლა კოვიდთან დაკავშირებული 50% დანამატი მაინც აქვთ საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარების ხარჯზე და ესეც რომ დასრულდება, საერთოდ რა ეშველებათ თუ ფუნდამენტალურად არ შეიცვალა სიტუაცია, მე არ ვიცი…

თუნდაც აქ, გორის ჰოსპიტალი, ჩემი გულისთვის მთლიანად დახურეს, ოღონდ თბილისში მულტიფუნქციურ კლინიკაში არ გადავეყვანე – რის შედეგადაც, პაციენტების რაოდენობა და მედპერსონალის ნაწილის ხელფასი შემცირდა. მე მინდა, მათ ამ მთავრობის ნაცვლად მოვუხადო ბოდიში. იმედია, ეს გაუგებრობა მალე დასრულდება“, – აცხადებს სააკაშვილი.

სააკაშვილის შიმშილობის პერიოდში სამი კონსილიუმი შეიქმნა, მათ შორის საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსა და სახალხო დამცველის ინიციატივებითაც.

მასალების გადაბეჭდვის წესი