ზუგდიდის საკრებულომ თავმჯდომარე ვერ აირჩია, სხდომა 1 კვირით გადაიდო

ზუგდიდის საკრებულოს სხდომა ერთი კვირით, 10 დეკემბრის 12:00 საათამდე გადაიდო.

ახალი მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა დღის წესრიგით გათვალისწინებული ყველა საკითხის განხილვამდე, მას შემდეგ შეწყდა, რაც “ნაციონალური მოძრაობის” და პარტიი “საქართველოსთვის” წევრებმა სხდომა დატოვეს. შესაბამისად, საკრებულოს თავმჯდომარის ასარჩევად საკმარისი კვორუმი დღეს, 3 დეკემბერს, აღარ იყო.

დღის წესრიგის მიხედვით, ზუგდიდის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე უნდა აერჩია თავმჯდომარე და მისი მოადგილეები. კანონმდებლობის თანახმად, თავმჯდომარეს ირჩევს მუნიციპალიტეტის საკრებულო სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტით. ზუგდიდის საკრებულოში 45 დეპუტატია. ენმ-ს 22 წევრი ჰყავს, “ქართული ოცნებას” — 20, ხოლო გიორგი გახარიას პარტიას “საქართველოსთვის”- 3 მანდატი.