გახარიას პარტიის სამოქმედო გეგმა საკრებულოებთან დაკავშირებით

პარტიამ „საქართველოსთვის“ ქვეყნის მასშტაბით საკრებულოებთან დაკავშირებით წარადგინა პოლიტიკური სამოქმედო გეგმა.

დღეს მიმდინარეობს 2021 წლის მოწვევის საკრებულოების პირველი სხდომები. პარტია “საქართველოსთვის” არ მონაწილეობს ბათუმის საკრებულოს სხდომაში. რაც შეეხება სხვა მუნიციპალიტეტებს:

„მიზანი, რომელსაც ეფუძნება ჩვენი გეგმა, არის საქართველოს მოქალაქეების მიერ ჩვენთვის მონიჭებული უფლებამოსილება, ვიმოქმედოთ ძალაუფლების დაბალანსების პრინციპის უზრუნველსაყოფად და იქ, სადაც ეს ბერკეტი გაგვაჩნია, არცერთ პარტიას არ მივცეთ ერთპარტიულად და ერთპიროვნულად საკრებულოების მართვის და კრიზისის შექმნის შესაძლებლობა, არამედ პირიქით, ვიმოქმედოთ მუნიციპალიტეტის, იქ მცხოვრები მოქალაქეების ინტერესების შესაბამისად”, — განაცხადა პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა ბერდია სიჭინავამ.

როგორც ბერდია სიჭინავამ აღნიშნა, პარტიამ „საქართველოსთვის“ „ოცნებას“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შესთავაზა ღია ერთობლივი თანამშრომლობა მუნიციპალიტეტის და იქ მცხოვრები მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით, რაზეც უარი მიიღეს.

„ჩვენ „ოცნებასაც“ და „ნაციონალურ მოძრაობასაც“ შევთავაზეთ ღია ერთობლივი თანამშრომლობა მუნიციპალიტეტის და იქ მცხოვრები მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით, რაზეც მივიღეთ უარი. ჩვენ მეორე ნაბიჯი, კომპრომისული ნაბიჯი გადავდგით, სადაც დავასახელეთ ჩვენი თავმჯდომარეობის კანდიდატები, რომ მივიღებდით მონაწილეობას საკრებულოს თავმჯდომარეების თანამდებობების დასაკავებლად, თუმცა ამაზეც ჩვენ პოზიცია არცერთი პოლიტიკური პარტიის მხრიდან არ მოგვისმენია. შესაბამისად, როგორც განვაცხადეთ, ბალანსის დასაცავად ჩვენ ვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებული ყველა მუნიციპალურ ბერკეტს, რაც მომავალშიც ასე გაგრძელდება”, — განაცხადა ბერდია სიჭინავამ.