NATO-ს ღია კარის პოლიტიკა საქმით უნდა გამოიხატოს და არა მხოლოდ სიტყვებით — ლანდსბერგისი

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი აცხადებს, რომ NATO-ს ღია კარის პოლიტიკა საქართველოსა და უკრაინის მიმართ საქმით უნდა გამოიხატოს და არა მხოლოდ სიტყვებით.

ასე გამოეხმაურა ის რიგაში, NATO-ს საგარეო მინისტერიალზე საქართველოსა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრების მონაწილეობას.

„სასიამოვნოა ჩვენი ახლო პარტნიორების, უკრაინისა და საქართველოს ხილვა NATO-ს საგარეო მინისტერიალზე. ორივე პარტნიორის პრაქტიკული მხარდაჭერა ძალიან საჭიროა. ჩვენ ასევე უნდა შევასრულოთ ბუქარესტის სამიტის ვალდებულებები. ღია კარი უნდა იყოს ღია საქმით და არა მხოლოდ სიტყვებით“, — განაცხადა ლანდსბერგისმა.

FM @GLandsbergis: Great to see our close partners #Ukraine 🇺🇦 and #Georgia 🇬🇪 at @NATO #ForMin ministerial session. Practical support to both partners is much needed. We must as well deliver on our Bucharest summit commitments. Open doors must be open in deeds, not just in words. pic.twitter.com/czT10thPRb

— Lithuania MFA (@LithuaniaMFA) December 1, 2021

საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის შეფასებით, რიგაში გამართული NATO-ს მინისტერიალზე მხარეებმა ისაუბრეს 2022 წელს დაგეგმილ სამიტზე, რომელიც მადრიდში გაიმართება და 2030 წლის განახლებულ სტრატეგიულ კონცეფციას განიხილავენ.

დავით ზალკალიანის თქმით, მინისტერიალზე ხაზი გაესვა საქართველოს, როგორც ასპირანტი ქვეყნის, მნიშვნელობას და პირველად, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, წარმოდგენილი იყო NATO-ს შეფასების დოკუმენტი ასპირანტ ქვეყნებთან მიმართებაში, სადაც საქართველოს აქვს უაღრესად პოზიტიური შეფასებები NATO-ში ინტეგრაციის კუთხით. მისივე შეფასებით, აღნიშნული დოკუმენტის მიღება ადასტურებს, რომ საქართველო სწორ გზაზეა NATO-ში ინტეგრაციასთან დაკავშირებით და ის ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი, რომელიც ჩვენ გვაქვს, არის წარმატებით შესრულებული.

ამასთან, ზალკალიანმა აღნიშნა, რომ მინისტერიალის ფარგლებში განიხილეს ის წინადადებები, რომელთაც საქართველო წარადგენს NATO-ელი პარტნიორების წინაშე — ხედვები, თუ როგორ ხედავს საქართველო NATO-ში გაწევრიანების უახლოეს სამოქმედო გეგმას და იმ ნაბიჯებს, რომლებიც უნდა იყოს გადადგმული საქართველოს მხრიდან. მისივე თქმით, საუბარი შეეხო იმ შემხვედრ ნაბიჯებსაც, რომელთა მოლოდინიც აქვს საქართველოს NATO-ელი პარტნიორების მხრიდან.