სახელმწიფო ინსპექტორი აკრიტიკებს საპროკურორო უფლებამოსილებასთან დაკავშირებულ კანონპროექტს

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ეხმიანება საგამოძიებო და საპროკურორო უფლებამოსილების გამიჯვნასთან დაკავშირებით შსს-ს მომზადებულ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც მთავრობამ საქართველოს პარლამენტს წარუდგინა.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შეფასებით, საქართველოს პარლამენტში წარდგენილი საკანონმდებლო ცვლილებები ვერ უზრუნველყოფს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის პროკურატურისგან დამოუკიდებლობას, სამსახურს არ ანიჭებს მნიშვნელოვანი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შესახებ გადაწყვეტილების პროკურორისგან დამოუკიდებლად მიღების უფლებამოსილებას, ვერ პასუხობს საგამოძიებო და საპროკურორო ფუნქციების გამიჯვნის რეფორმის მიზანს და სრულად არ ეხმიანება აღნიშნულ რეფორმასთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.

“სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა საკანონდებლო პაკეტზე მისი დასაბუთებული მოსაზრებები წარუდგინა როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს, ასევე მთავრობას, რომელთა დიდი ნაწილი პარლამენტში წარდგენილ კანონპროექტში ასახული არ არის. კერძოდ, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა აღნიშნულ უწყებებს რიგ სამართლებრივ საკითხებზე სამსახურთან მიმართებით საგამოძიებო და საპროკურორო უფლებამოსილების გამიჯვნის განსხვავებული რეგულაციები შესთავაზა, თუმცა საქართველოს პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტით სამსახურისთვის მინიჭებული უფლებები სხვა საგამოძიებო უწყებების იდენტურია. შესაბამისად, საკანონმდებლო პაკეტი არ/ვერ პასუხობს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის წინაშე არსებულ გამოწვევებს – არ არის მხედველობაში მიღებული სამსახურის ბუნება, მანდატი, მისი შექმნისა და საქმიანობის მიზანი, სამსახურის ქვემდებარე დანაშაულების გამოძიების თავისებურებები და მოხელეთა მიერ ჩადენილ დანაშაულებზე გამოძიების დამოუკიდებლად ჩატარების მნიშვნელობა”,- ნათქვამია სახელმწიფო ინსპექტორის განცხადებაში.

სახელმწიფო ინსპექტორის შეფასებით, პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტით, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში სამსახური კვლავ პროკურატურაზე დამოკიდებული რჩება. კერძოდ:

საგამოძიებო და საპროკურორო ფუნქციების არასწორი გადანაწილების პარალელურად, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური არ ეთანხმება სამსახურთან მიმართებით კანონის 1 წლის შემდგომ (2023 წლის 1 იანვარს) ამოქმედებასა და 2024 წლის პირველ იანვრამდე ადამიანის უფლებათა შემზღუდავი საგამოძიებო მოქმედებების პროკურორის ჩარევის გარეშე ჩატარების შეზღუდვას.

“აღნიშნული სამსახურს კიდევ ორი წელი სრულად დამოკიდებულს ტოვებს პროკურატურაზე, რაც საფრთხეს უქმნის დროული და დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარებას და კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს სამსახურის ეფექტიანობას”,- აცხადებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური და დასძენს, რომ არ საჭიროებს გარდამავალ პერიოდს საკანონმდებლო ცვლილებებისთვის მოსამზადებლად, ვინაიდან სამსახურის გამომძიებლები მათთვის დაკისრებული ახალი ფუნქციების შესრულებას დაუბრკოლებლად შეძლებენ.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა საკანონმდებლო ინიციატივაზე მოსაზრებები საქართველოს პარლამენტსაც წარუდგინა და იმედოვნებს, რომ კანონპროექტის განხილვისას მხედველობაში იქნება მიღებული სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის წინაშე არსებული გამოწვევები და სამსახურის საგამოძიებო მანდატის თავისებურებები.