თუ საკონსტიტუციო ცვლილებებს მივიღებთ, აუცილებლად 2024 წლიდან უნდა ამოქმედდეს – კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ თუ საპარლამენტო არჩევნებისათვის ბარიერი 2%-მდე დაიწევს, ეს ოპოზიციისთვის მმართველი გუნდის „საჩუქარი“ იქნება.

თუმცა, მისი თქმით, გაუკეთებენ თუ არა ამ საჩუქარს, „ოცნების“ კეთილ ნებაზე იქნება დამოკიდებული.

„ამ ეტაპზე საერთოდ არ გრძელდება კანონპროექტის განხილვა. ბევრი რამ იქნება დამოკიდებული სხვადასხვა სუბიექტის ქცევასა და ქმედებებზე. ჩვენ კარგად ვხვდებით, რომ არავითარ აუცილებლობა ამ ცვლილებების მიღების არ არსებობს. გამომდინარე იქიდან, რომ ის ბარიერი, რომელიც 2024 წლიდან ამოქმედდება, არის სრულად თავსებადი დემოკრატიულ სტანდარტებთან –  ეს არის 5 %-იანი ბარიერი. 2024 წლიდან ყველა შემთხვევაში სრულად პროპორციული სისტემა თავისი 5%-იანი ბარიერით ამოქმედდება. ეს ევროკავშირის ქვეყნების უმეტესობაში დამკვიდრებული საარჩევნო სისტემაა, რომელიც სრულად თავსებადია დემოკრატიულ სტანდარტებთან.

რაც შეეხება 2%-იან ბარიერს, უკეთესია თუ არა ეს 5 %-იანზე, ამაზე არავითარი სიღრმისეული მსჯელობა არ ყოფილა, შეიძლება უარესიც არის. ამიტომ ამასაც სჭირდება ცალკე სიღრმისეული მსჯელობა. მაგრამ ყველა შემთხვევაში ჩვენ ვხვდებით, რომ ეს არის პატარა საჩუქარი, რომელიც შეიძლება გაუკეთდეს ოპოზიციას. ეს საჩუქარი მათ გაუკეთდებათ თუ არა, ეს ჩვენს კეთილ ნებაზე იქნება დამოკიდებული“, – განაცხადა კობახიძემ.

ამასთან, კობახიძე ამბობს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები მიღების შემთხვევაში, რიგგარეშე არჩევნებზე არ უნდა გავრცელდეს და ის მხოლოდ 2024 წლიდან უნდა ამოქმედდეს.

„ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ ერთ რამეში, რომ არსებობს ოპოზიციურ სპექტრში სურვილი, რომ არსებული პოლარიზებული გარემო შეიცვალოს. თუ ამ სურვილს ისინის აჩვენებენ, მაშინ შეიძლება მივიღოთ ერთი გადაწყვეტილება, თუ ვერ აჩვენებენ, შეიძლება მივიღოთ სხვა გადაწყვეტილება. რატომ? – იმიტომ, რომ თავისთავად დაბალი ბარიერი მიდრეკილია არასტაბილურობისკენ[…]

როცა არ უნდა მივიღოთ, ეს იქნება საგაზაფხულო თუ საშემოდგომო სესიაზე, ჩემი პირადი პოზიციაა, რომ ეს ცვლილებები უნდა ამოქმედდეს აუცილებლად 2024 წლიდან, ანუ რიგგარეშეზე არ გავრცელდება არც თეორიულად და არც პრაქტიკულად. რიგგარეშე არჩევნები არ იქნება“, – განაცხადა კობახიძემ.

დაგეგმილი საკონსტიტუციო ცვლილებების მიხედვით, რომელსაც საფუძვლად უდევს 19 აპრილის შეთანხმება, მომდევნო ორი საპარლამენტო არჩევნები 2%-იანი ბარიერითა და სრულად პროპორციული სისტემით უნდა ჩატარდეს. საკონსტიტუციო ცვლილებებს პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი უკვე დაუჭირა. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე მოსმენით განხილვა დეკემბერშია შესაძლებელი. თუმცა, „ქართული ოცნება“, რომელიც 19 აპრილის შეთანხმებიდან გავიდა, ამ დროისთვის საკონტიტუციო ცვლილებების განხილვის გაგრძელებისგან თავს იკავებს.