ახალი ამბები

სააკაშვილის სასამართლო პროცესი მის გარეშე გრძელდება

29 ნოემბერი, 2021 • 1867
სააკაშვილის სასამართლო პროცესი მის გარეშე გრძელდება

თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის პროცესი მის გარეშე გრძელდება. პატიმრობაში მყოფმა ექსპრეზიდენტმა დარბაზი საკუთარი სურვილით დატოვა, მისმა ადვოკატმა კი აღნიშნა, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, ექიმების რეკომენდაცია იყო, რომ სააკაშვილი ადგილზე დარჩენილიყო “დაახლოებით საათი, ორი საათის მანძილზე”.

“ჩვენ გვაქვს გარკვეული შუამდგომლობები, ვიდრე ბრალდების მხარის მტკიცებულებათა გამოკვლევა გაგრძელდება, ეს შუამდგომლობები არის საკმაოდ მოცულობითი და სამსჯელო.

მე დღეს ობიექტურად მოლოდინი არ მქონდა, რომ მიხეილ სააკაშვილს ამდენი საათის განმავლობაში ჯანმრთელობის მდგომარეობა მისცემდა შესაძლებლობას, რომ პროცესში მონაწილეობა მიეღო და შემდეგ ამხელა სიტყვით წარმდგარიყო საზოგადოების წინაშე.

აქედან გამომდინარე, თუ დღეს კრიტიკულად მნიშვნელოვანი არ არის, თუ გადავდებთ და შემდეგ პროცესებზე გავაგრძელებთ განხილვას, თუ მნიშვნელოვანია, რომ მაინცდამაინც დღეს გაგრძელდეს განხილვა, ესეც არ არის პრობლემა, შუამდგომლობები მზად გვაქვს და წარმოვადგენთ”, — განაცხადა პროცესზე ბექა ბასილაიამ.

საპასუხოდ მოსამართლემ თქვა, რომ სასამართლოს მუშაობის გაგრძელება შესაძლებელია 17:00 საათამდე. გამოცხადდა 15-წუთიანი შესვენება, რის შემდეგაც სხდომა გაგრძელდა.

სააკაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში თავის პროცესს 28 ნოემბერს პირველად დაესწრო. მანამდე სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს სასამართლოში არ მიჰყავდა, რის მიზეზადაც უსაფრთხოების რისკებსა და ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობას ასახელებდა.

დღევანდელ სხდომაზე განიხილავენ 7 ნოემბრის საქმეს, რომელშიც ექსპრეზიდენტი და ყოფილი ხელისუფლების სხვა მაღალჩინოსნები ფიგურირებენ.

სასამართლო დარბაზში სიტყვით გამოსვლისას სააკაშვილმა თავისი პოზიციები გაახმიანა 7 ნოემბრის, შეწყალებისა და ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე.

ამასთან, ექსპრეზიდენტმა მისი ხელისუფლების დროს დაშვებულ “შეცდომებზე” ისაუბრა, რომელთა შორისაც სასამართლო სისტემა გამოარჩია. მისი თქმით, ენმ-ის დროს ვერ მოხერხდა დამოუკიდებელი სასამართლოს აშენება, რაც საბოლოოდ ბევრ ადამიანს შეეხო, მისი ჩათვლით.

პირველ რიგში, ჩემი შეცდომაა ეს სასამართლო — სააკაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი