„მთავარი არხის” სანქცირების ტენდენცია ცენზურის ნიშნებს ატარებს – კოალიცია

კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ ამბობს, რომ „მთავარი არხის“ სანქცირების ტენდენცია ცენზურის ნიშნებს ატარებს.

კოალიცია ამბობს, რომ საგანგაშოდ მიიჩნევს კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის მაუწყებლისა და მის წარმომადგენელთა წინააღმდეგ წარმოებულ სანქციებს. სანქცირების ტენდენცია კი „გვაფიქრებინებს, რომ კომუნიკაციების კომისია მაუწყებლის შეჩერებას და კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას ისახავს მიზნად,“.

„სამწუხაროდ, კომუნიკაციების კომისია აგრძელებს სადავო პრაქტიკას მაუწყებლის შინაარსის რეგულირებასთან დაკავშირებით, როგორც ეს უხამსობის საბაბით მაუწყებელთა სანქცირებისას გამოვლინდა. ამასთან, კომისია ახალი გადაწყვეტილებით ცდილობს სამოქალაქო აქტივისტებს შეუზღუდოს შესაძლებლობა გააკრიტიკონ ხელისუფლება და ჰქონდეთ მმართველი პარტიისაგან განსხვავებული მოსაზრებების მედიის მეშვეობით გავრცელების შანსი.

გუშინ, 2021 წლის 25 ნოემბერს, კომუნიკაციების კომისიამ „მთავარი არხი” მაქსიმალური სანქციით, შემოსავლის 1%-ით, 111,903.43 ლარით დააჯარიმა. კომუნიკაციების კომისიის ოფიციალური განცხადებით, მაღალი სანქცია მაუწყებლის მიმართ არაწინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური რეკლამის ეთერში განთავსების წესის არაერთხელ დარღვევის გამო გამოიყენა“, – წერია კოალიციის განცხადებაში.

კოალიცია განცხადებაში ხაზს უსვამს, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა კომისია მიზანშეწონილად მიიჩნევს მაუწყებლის მიმართ ჯარიმის ზედა ზღვარი გამოიყენოს. ასე მოხდა 2020 წელსაც, როდესაც შპს ,,მთავარ არხს“ დაეკისრა ჯარიმა 58,061.76 ლარის ოდენობით – „თითოეულ შემთხვევაში, კომისია ფინანსურ ბერკეტების ამოქმედებით ცდილობს მაუწყებლის სამაგალითოდ დასჯას,“.

ამასთანავე, განცხადებაში აღნიშნულია, რომ რამდენიმე წინაპირობა აღრმავებს ეჭვს, რომ სანქცირებას სარედაქციო პოლიტიკაზე ზეგავლენის მცდელობაა, კერძოდ:

„კოალიცია “მედიის ადვოკატირებისთვის” საგანგაშოდ მიიჩნევს კომუნიკაციების კომისიის 2021 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილებას. ვფიქრობთ, სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის დაწესებისაკენ გადადგმული ეს ნაბიჯი უაღრესად საშიშია საქართველოში კრიტიკული მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების გამოხატვის თავისუფლების არსებობისთვის“, – წერია ოფიციალურ განცხადებაში.

კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის” სოლიდარობას უცხადებს „მთავარი არხის” გუნდს და დავის სასამართლოში გაგრძელების ეტაპზე მზადაა ჩაერთოს “მთავარი არხის” უფლებების დაცვის პროცესში.


კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „მთავარი არხი“ 111 903 ლარით დააჯარიმა მოძრაობა „სირცხვილიას“ მიერ დამზადებული ვიდეორგოლის ეთერში გაშვების გამო.

აღნიშნულ ვიდეოში „ქართული ოცნების“ წევრების ფოტოებით იქმნება ვლადიმერ პუტინის სახის გამოსახულება, რითაც აქტივისტების თქმით, ქვეყნის საგარეო კურსის ცვლილებას აპროტესტებდნენ.

კომუნიკაციების კომისიაში აცხადებენ, რომ არხი დაჯარიმდა 17 და 18 ნოემბერს მაუწყებლის ეთერში განთავსებული სამი ვიდეორგოლის გამო, რომლის განთავსების უფლებაც კანონმდებლობით არ ჰქონდა:

„ანალოგიური სამართალდარღვევისთვის მთავარი არხი ბოლო ერთი წლის განმავლობაში უკვე იყო დაჯარიმებული, რის გამოც ის წლიური შემოსავლის 1%-ით დაჯარიმდა. მსგავსი დარღვევისთვის „მთავარი არხი“ 2019 და 2020 წლებშიც იქნა სამართალდამრღვევად ცნობილი და დაჯარიმებული.

მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, მაუწყებელი, როგორც რეკლამის გამავრცელებელი, ვალდებულია უზრუნველყოს მის მიერ გადაცემული რეკლამის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობა და არ დაუშვას არასათანადო რეკლამის ეთერში განთავსება – მაუწყებლის მიერ პოლიტიკური რეკლამების განთავსება მოხდა არაწინასაარჩევნო პერიოდში, ანუ ისეთ დროს, როდესაც აღნიშნული აკრძალული იყო მოქმედი კანონმდებლობით“, – აცხადებენ