სტამბოლში პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა დემონსტრანტთა წინააღმდეგ, რომლებიც ქალთა მიმართ ძალადობას აპროტესტებდნენ. 25 ნოემბერს გამართულ აქციაზე, სხვა სლოგანებთან ერთად, მთავრობის გადადგომისკენ მოწოდებებიც ისმოდა.
Reuters-ის თანახმად, აქცია იმართებოდა რამდენიმე ათასი ადამიანის, ძირითადად ქალების, მონაწილეობით ქალთა მიმართ ძალადობის აღკვეთის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით.
დემონსტრანტები ახმიანებდნენ მოწოდებებს სახელმწიფოს პოლიტიკისა და ქალთა მიმართ ძალადობის, ასევე, რასიზმის, ჰომოფობიის, ტრანსფობიისა და თურქეთის ხელისუფლების მიერ სტამბოლის კონვენციის დატოვების წინააღმდეგ.
25 Kasım Kadına Yönelik Şiddete Karşı Uluslararası Mücadele Günü’nde kadınlar İstanbul Taksim’de bir araya geldi https://t.co/1ABo7Oz37H pic.twitter.com/XqeebAn71d
— T24 (@t24comtr) November 25, 2021
“ჩვენ არ გავჩუმდებით, არ გვეშინია, არ ვემორჩილებით”, — სკანდირებდნენ აქციის მონაწილეები, ერთ-ერთ ბანერზე კი ეწერა:
“ჩვენი იმედი და ძალა ერთმანეთშია”.
აქციის მონაწილეები სტამბოლის ცენტრალური მოედნის მიმართულებით გადაადგილდებოდნენ, თუმცა პოლიციას გზა ბარიკადებით ჰქონდა ჩაკეტილი.
Associated Press-ის თანახმად, მას შემდეგ, რაც დემონსტრანტების ნაწილმა ბარიკადების გადალახვა სცადა, პოლიციამ მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. ადგილობრივი მედიის თანახმად, დაშავებულია მინიმუმ 1 ადამიანი.

სტამბოლში გამართული დემონსტრაციის მონაწილები ცდილობდნენ, გადაელახათ პოლიციის ბარიკადები. 25.11.21 ფოტო: EPA
მსგავსი შინაარსის აქციები თურქეთის სხვა ქალაქებშიც გაიმართა.
მიმდინარე წლის ივლისში თურქეთმა დატოვა საერთაშორისო კონვენცია, რომელიც ქალთა მიმართ ძალადობის აღკვეთასა და მასთან ბრძოლას ისახავს მიზნად. შესაბამის განკარგულებას ქვეყნის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მოაწერა ხელი.
2011 წელს სტამბოლში ხელმოწერილი დოკუმენტიდან გასვლის გამო თურქეთი დასავლელმა მოკავშირეებმა გააკრიტიკეს, ქვეყნის არაერთ ქალაქში კი საპროტესტო აქციები გაიმართა ხელისუფლების გადაწყვეტილების საწინააღმდეგოდ.
İstiklal Caddesi’nde polis, 25 Kasım Kadına Yönelik Şiddete Karşı Uluslararası Mücadele Günü’nde bir araya gelen kadınlara biber gazı ile saldırdı!https://t.co/6eQcC3219y pic.twitter.com/rvylUo9414
— BirGün Gazetesi (@BirGun_Gazetesi) November 25, 2021
თურქეთის ხელისუფლებას არ დაუსახელებია მიზეზები, კონკრეტულად რატომ დატოვა საერთაშორისო კონვენცია. თუმცა, ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა დოკუმენტის კრიტიკა ქვეყნის მმართველი პარტიის წევრთა მხრიდან, რომელთა თანახმადაც ის არ შეესაბამება კონსერვატიულ, ისლამურ ნორმებს.
დოკუმენტის დატოვების შემდეგ, მთავრობამ გამოაცხადა საკუთარი “ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სამოქმედო გეგმა”, რომელიც ძალადობის შესახებ მონაცემების შეგროვებას, ქალთა დაცვის სერვისების გაუმჯობესებას და სხვა მიზნებს მოიცავს.
თურქული არასამთავრობო ორგანიზაციის “ჩვენ შევაჩერებთ ფემიციდს” თანახმად, 2021 წელს თურქეთში 353 ქალი მოკლეს, გასულ წელს კი — 409.
25 ნოემბრის დემონსტრაციებს წინ უძღოდა საპროტესტო აქციები ქვეყნის სხვადასხვა წერტილში, თურქული ლირის მკვეთრი გაუფასურებისა და ფასების ზრდის ფონზე. დემონსტრანტები მთავრობას გადადგომისკენ მოუწობენდნენ. მსგავსი სლოგანები სტამბოლში, ქალთა აქციაზეც ისმოდა.




