ახალი ამბები

არ ვაპირებთ არანაირი თანხების გადახდას, გავასაჩივრებთ – გვარამია კომუნიკაციების კომისიის ჯარიმაზე

25 ნოემბერი, 2021 • 1832
არ ვაპირებთ არანაირი თანხების გადახდას, გავასაჩივრებთ – გვარამია კომუნიკაციების კომისიის ჯარიმაზე

ნიკა გვარამია კომუნიკაციების კომისიის მიერ “მთავარი არხის” დაჯარიმებას ცენზურად აფასებს და აღნიშნავს, რომ ტელეკომპანია სამართლებრივად იდავებს.

კომისიამ “მთავარი არხი” 25 ნოემბერს 111 903 ლარით დააჯარიმა მის ეთერში 17 და 18 ნოემბერს გასული 3 ვიდეოკლიპის გამო. უწყების განცხადებით, ტელეარხს აღნიშნული მასალების ეთერში განთავსების უფლება კანონმდებლობით არ ჰქონდა.

ხსენებული 3 ვიდეოდან ერთ-ერთია მოძრაობა „სირცხვილიას“ მიერ დამზადებული ვიდეორგოლი, რომელშიც „ქართული ოცნების“ წევრების ფოტოებით იქმნება ვლადიმერ პუტინის სახის გამოსახულება.

კომისიის თქმით, “მაუწყებლის მიერ პოლიტიკური რეკლამების განთავსება მოხდა არაწინასაარჩევნო პერიოდში, ანუ ისეთ დროს, როდესაც აღნიშნული აკრძალული იყო მოქმედი კანონმდებლობით”.

“მთავარი არხი” კომისიის არგუმენტებს არ იზიარებს.

“ფორმალურადაც და მატერიალურადაც აბსოლუტურად მცდარია ეს გადაწყვეტილება და მიზნად ისახავს ერთადერთს: ჩვენი სარედაქციო და სამოქალაქო პოზიციის გამოხატვის უმკაცრეს შეზღუდვას.

ეს არის ცენზურის გადაწყვეტილება და მინდა იცნობდეთ ივანიშვილის პირად ცენზორებს და თავისუფალი სიტყვის ჯალათებს”, — დასძინა ნიკა გვარამიამ გადაწყვეტილების შეფასებისას.

გვარამიას თქმით, კომუნიკაციების კომისიის ამ ნაბიჯით დაიწყო სოციალური რეკლამის “აბსოლუტურად უკანონოდ შეზღუდვა”. მისი სიტყვებით, “ამით შეიზღუდა არა მხოლოდ მედიის უფლება, არამედ არასამთავრობო სექტორის გამოხატვის უფლებაც”.

“არ ვაპირებთ არანაირი თანხების გადახდას, გავასაჩივრებთ სასამართლოში და ვნახოთ, სასამართლო გაუძლებს თუ არა ამ ტესტს, სრული უკანონობის შესახებ ტესტს”, — დასძინა მან.

“მთავარი არხის” დირექტორმა, იურისტმა თამთა მურადაშვილმა კომუნიკაციების კომისიის მიერ გადაწყვეტილების გამოცხადებიდან მალევე თქვა, რომ ჯარიმა უპრეცედენტოა და ამ ოდენობის ჯარიმა კომისიას არასოდეს არავისთვის დაუდგენია.

“ჩვენთვის გაუგებარია, საიდან დათვალეს ეს ჯარიმა. ეს, სამწუხაროდ, გზავნილია ყველა სხვა მედიისთვის”, — თქვა მან.

ამავე თემაზე:

კომუნუკაციების კომისიამ „მთავარი არხი“ 112 ათასი ლარით დააჯარიმა

მასალების გადაბეჭდვის წესი