პარტია “ლელოს” ლიდერი მამუკა ხაზარაძე “ეროვნული უსაფრთხოებისა და ეკონომიკის პლატფორმის” შექმნის ინიციატივით გამოდის. ბიზნესმენი და პოლიტიკოსი მსგავსი ფორმატის საჭიროებას სოციალურ-ეკონომიკური პრობლემებით, რუსეთისგან მომავალი საფრთხითა და სხვა ფაქტორებით ხსნის.
ხაზარაძის სიტყვებით, საქართველოსა და რეგიონში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები ცხადყოფს, რომ ქვეყანა “ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე დგას”.
“სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებს ემატება რუსეთის, ოკუპანტი სახელმწიფოს მძლავრი გავლენა, რომელსაც ქვეყნის 20 % აქვს ოკუპირებული.
მეხუთე კოლონა, რომელსაც საქართველოში ფესვები შეუზღუდავად აქვს გადგმული და გადასულია საქართველოს დამოუკიდებლობის ხელყოფაზე.
ღიად პრორუსული ძალები და ძალადობრივი ჯგუფები, რომლებიც ხელისუფლებისა თუ სხვადასხვა საზოგადოებრივ პლატფორმებზე არიან მოკალათებული, დაუფარავად ცდილობენ, საქართველო რუსეთის ორბიტაზე დააბრუნონ”, — აღნიშნავს ის.
ხაზარაძის სიტყვებით, მმართველი პარტიის მიერ წარმოებული პოლიტიკური პროცესი დიდი ხანია წინააღმდეგობაში მოდის “ეროვნულ ინტერესთან” და ქვეყნის “ეროვნულ სტრატეგიულ ხაზებს კვეთს”.
“ამ ვითარებიდან გამომდინარე, საქართველოს ინტერესებისთვის გადაუდებლად მიმაჩნია ეროვნული კონსოლიდაციის, “ეროვნული უსაფრთხოებისა და ეკონომიკის” მძლავრი პლატფორმის შექმნა, რომლის ფარგლებშიც მოხდება:
“ლელოს” ლიდერი ყველა დაინტერესებულ მხარეს მრგვალი მაგიდის ფორმატში იწვევს ზემოხსენებული საკითხების “საფუძვლიანად მოსამზადებლად და განსახორციელებლად”.
“ეროვნული უსაფრთხოება და ეკონომიკის სწრაფი განვითარება უნდა იყოს ქვეყნის ნომერ პირველი ამოცანა. ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებს, გვჭირდება ეროვნული ძალების კონსოლიდაცია, დასავლელ პარტნიორებთან და მოკავშირეებთან ინტენსიური მუშაობა ამ მიზნების მისაღწევად და რეალურ ცხოვრებაში განსახორციელებლად.
საქართველოს აქვს შანსი გახდეს ძლიერი ეროვნულ ფასეულობებზე დაფუძნებული თანამედროვე სახელმწიფო, რომელიც მიმზიდველი იქნება ცივილიზებული სამყაროსთვის, როგორც სანდო მოკავშირე და პარტნიორი”, — ამბობს ხაზარაძე.