მანაგუაში დე ფაქტო აფხაზეთის საელჩო გაიხსნა

ნიკარაგუის დედაქალაქ მანაგუაში დე ფაქტო აფხაზეთის საელჩო გაიხსნა.

ინფორმაციას დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო 22 ნოემბერს ავრცელებს.

“აფხაზეთის პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას 2021 წლის 2 ნოემბრის განკარგულებით, აფხაზეთის რესპუბლიკის საელჩო დაფუძნდა ნიკარაგუის რესპუბლიკაში”, – წერია დე ფაქტო უწყების მიერ გავრცელებულ ცნობაში.

დე ფაქტო აფხაზეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ნიკარაგუამ 2008 წელს აღიარა.

ნიკარაგუას მართავს დანიელ ორტეგას რეჟიმი, რომელსაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და სხვა დასავლური ქვეყნების ნაწილმა სანქციები დაუწესა.

დე ფაქტო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სადამკვირვებლო მისიები 2021 წელს აკვირდებოდნენ არჩევნებს ნიკარაგუაში, სადაც დანიელ ორტეგამ ხმათა 75 პროცენტზე მეტი, ხოლო მისმა პარტიამ საპარლამენტო არჩევნებში 74 პროცენტზე მეტის მოპოვება შეძლო. ოსი და აფხაზი დამკვირვებლების შეფასებით, არჩევნები დემოკრატიული, ღია და თავისუფალი იყო.

დანიელ ორტეგას მიღებული აქვს დე ფაქტო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ღირსებისა და “უაცამონგას” ორდენები.