ზურაბიშვილი: მივესალმები ყოფილი პრეზიდენტის გადაყვანის გეგმას გორის ჰოსპიტალში

“მივესალმები ყოფილი პრეზიდენტის გადაყვანის გეგმას გორის სამხედრო ჰოსპიტალში, რადგან ეს არის ადგილი, რომელიც აკმაყოფილებას ყველა სტანდარტს, როგორც სამედიცინო, ასევე უსაფრთხოების მიმართულებით”, – ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გაავრცელა.

მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება სრულად პასუხობს სტრასბურგის სასამართლოს მოთხოვნას, რომელსაც წინასწარ დაეთანხმა თვით ყოფილი პრეზიდენტი და განაცხადა, რომ შეწყვეტდა შიმშილობას მულტიპროფილურ კლინიკაში გადაყვანის შემთხვევაში.

“მივესალმები ასევე ელენე ხოშტარიას გადაწყვეტილებას შიმშილობის შეწყვეტასთან დაკავშირებით.

მნიშვნელოვანი და სწორია ოპოზიციის მზაობა, არ გამართოს საპროტესტო აქციები კლინიკის მიმდებარე ტერიტორიაზე და ასევე, ზოგი პარტიის გადაწყვეტილება პარლამენტის ბოიკოტის შეწყვეტის შესახებ.

დღევენდელი გადაწყვეტილებები წინ გადადგმული ნაბიჯებია, რაც საზოგადოების დაწყნარებასა და ქვეყნის სტაბილურობას უზრუნველყოფს”, – აცხადებს პრეზიდენტი.

დღეს, 19 ნოემბერს, იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ სამინისტრო სააკაშვილს სთავაზობს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანას.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 50-ე დღეა შიმშილობს. გუშინ, 18 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ის გლდანის ციხის რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს, მან გონება დაკარგა.

სააკაშვილი ამბობდა, რომ შიმშილობას შეწყვეტდა სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანის შემთხვევაში.