“ეს შეუძლებელია” — ზალკალიანი 3+3 ფორმატში ჩართვაზე

საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის თქმით, 3+3 ფორმატში საქართველოს ჩართვა შეუძლებელია.

“ეს შეუძლებელია მაშინ, როცა ჩვენი ტერიტორიები არის ოკუპირებული. რამე სახის პოლიტიკურ გეოპოლიტიკურ პროექტში ჩართვა შეუძლებელია, სამაგიეროდ ჩვენ ვთავაზობთ სხვა პლატფორმებს, რაც არის სამხრეთ კავაკასიის ქვეყნებს შორის თანამშრომლობა —  თბილისი ვაქციოთ როგორც დიალოგის ადგილი კონკრეტულ ეკონომიკურ პროექტებზე, ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, ხალხთაშორის ურთიერთობებზე და ეს გახდეს გრძელვადიანი მშვიდობის საფუძველი რეგიონში. ამას ემსახურობოდა პრემიერის ინიციატივა სამშვიდობო სამეზობლო პოლიტიკასთან დაკავშირებით”, — განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მისი თქმით, საქართველოს მიზანია რეგიონში მიმდინარე პროექტებში დასავლელი პარტნიორების ჩართვა, რომ რუსეთისთვის ცარიელი სივრცე არ დარჩეს.

3+3 ფორმატის შესახებ

მთიან ყარაბაღში კონფლიქტის ესკალაციისა და ახალი შეთანხმების შემდეგ, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ექვსეულის პლატფორმის შექმნის ინიციატივით გამოვიდა. იდეას მხარი დაუჭირეს აზერბაიჯანმა და ირანმა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა, ასევე, განაცხადა, რომ “მიესალმება ირანის, თურქეთის, საქართველოსა და რიგი ევროპული ქვეყნების მისწრაფებას, შეუერთდნენ მთიანი ყარაბაღის ეკონომიკის აღდგენას”.

ერდოღანის ინიციატივით, რეგიონული თანამშრომლობა აერთიანებს სამხრეთ კავკასიის რეგიონის 3 წევრ სახელმწიფოს,- საქართველოს, აზერბაიჯანსა და სომხეთს, — და რეგიონის გარეთ მყოფ, თუმცა მასზე გავლენის მქონე სამ სახელმწიფოს: ირანის ისლამურ რესპუბლიკას, რუსეთის ფედერაციასა და თურქეთს.

საქართველომ, თავის მხრივ, რეგიონის ქვეყნებს დიალოგის პლატფორმად თბილისი შესთავაზა და თქვა, რომ უფრო ფართო, რეგიონულ სამშვიდობო პლატფორმაში რუსეთთან ერთად ვერ ჩაერთვება. ცოტა ხნის წინ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ ძალიან ძნელია, ამ ფორმატში დაჯდე რუსეთთან ერთად, თუმცა “დიდ გეოპოლიტიკურ პროექტებში და ურთიერთობებში რაღაც ფორმით მაინც უნდა ვიყოთ წარმოდგენილი.

მოგვიანებით საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ზალკალიანის ინტერვიუს არასწორი ინტერპრეტაცია მიეცა და საქართველო არ განიხილავს რუსეთის ფედერაციასთან ერთად 3+3 ფორმატში მონაწილეობას.