დეპუტატი ეკა ხერხეულიძე, რომელმაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხეში მოინახულა, ამბობს, რომ ციხის ექიმთან ერთად შეესწრო ჰიპერტონიულ კრიზს.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილს ჰქონდა წნევა 170/110 (როცა ნორმალური წნევა არის 120/80), თუმცა ამას თვითონ ვერ გრძნობს.

“ექიმები შეშფოთდნენ. ეს იყო კრიზი. ასეთი იყო გუშინდელი, გუშინწინდელი და იმის წინანდელი ვითარება. ყოველ საღამოს აქვს ჰიპერტონიული კრიზი, საჭიროებს ექიმების მეთვალყურეობას. ადგილზე დახმარება გამოიხატა მხოლოდ იმაში, რომ მისცეს ერთი აბი “კაპტოპრილი” და ასე დასრულდა “მკურნალობა”. მერე შეშფოთდა ადმინისტრაცია და გამოიძახეს ექოსკოპია, ადგილზე კი არ ჰქონდათ ეს სერვისი. რაც არ უნდა ნაცარი ვაყაროთ თვალებში და ვუთხრათ, რომ გლდანის “რეზბალნიცა” არის მულტიპროფილური კლინიკა, ეს არის ტყუილი. ჩვენ არ ვიცით, ხვალ და ზეგ როგორ დამძიმდება მდგომარეობა. ხელი რომ მოკიდო და კანზე გადაუსვა, არის სულ თეთრი, იფრცქვნება ადამიანი. თუ არ აღმოუჩინეს დახმარება, არ ვიცი, იმ შიმთხვევაში, როცა კრიტიკული მომენტი დადგება, უშველიან თუ არა მას”, — განაცხადა ეკა ხერხეულიძემ.

მიხეილ სააკაშვილი 48 დღეა შიმშილობს. სახალხო დამცველთან შექმნილმა ექიმთა ჯგუფმა მისი მდგომარეობა კრიტიკულად შეაფასა და მულტიპროფილურ კლინიკაში დაუყოვნებლივ გადაყვანის რეკომენდაცია გასცა.