ახალი ამბები

კობახიძე ომბუდსმენის ეგიდით შექმნილ სამედიცინო ჯგუფს არ ენდობა

17 ნოემბერი, 2021 • 1700
კობახიძე ომბუდსმენის ეგიდით შექმნილ სამედიცინო ჯგუფს არ ენდობა

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე უნდობლობას უცხადებს სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილ მულტიპროფილურ სამედიცინო ჯგუფს.

“თქვენ იცით, ზოგადად, როგორია ჩვენი ნდობის ხარისხი ლომჯარიას მიმართ. ნდობას რომ არ იმსახურებს, ეს გამომჟღავნდა იმ შემადგენლობითაც, რომელიც გამოქვეყნდა. თითქმის ყველა წევრი ამ ჯგუფის არის პოლიტიკურად უკიდურესად მიკერძოებული, რაც დასტურდება არაერთი მათი საჯარო განცხადებით. პოლიტიკური ინტერესი ამ ნაბიჯის უკან ძალიან ნათლად იკითხება. ეს არის კიდევ ერთი სამწუხარო ნაბიჯი, რომელსაც ნინო ლომჯარია დგამს”, — განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სახალხო დამცველმა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ მიწოდებული სამედიცინო მომსახურების ადეკვატურობისა და დროულობის მონიტორინგის მიზნით მულტიპროფილური სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფი მოიწვია.

ჯგუფის მიზანია, ასევე, შეაფასოს, ამჟამად რამდენად შეესაბამება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის უფლების დაცვას N18 სამკურნალო დაწესებულება და იქნება თუ არა ამ დაწესებულებაში ადეკვატური სამედიცინო სერვისის მიწოდება შესაძლებელი პატიმრის მიერ ხანგრძლივი შიმშილობის შეწყვეტის შემდეგ.

მულტიპროფილურ ექსპერტთა ჯგუფში სახალხო დამცველმა მოიწვია სამედიცინო დარგის სპეციალისტები:

  • გიორგი გრიგოლია, ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი;
  • გრიგოლი ხურციძე, შინაგანი სნეულებები/ჰოსპიტალური მედიცინა;
  • გიორგი კაჭარავა, კარდიოლოგი;
  • გიორგი პაპიაშვილი, კარდიოლოგი/არითმიოლოგი;
  • აიდა გოზალოვა – ჰემატოლოგი, კლინიკური ონკოლოგი, ინტერნისტი, პალიატიური მედიცინის სპეციალისტი;
  • მამუკა მაჩაიძე, ინფექციონისტი, თერაპევტი;
  • თენგო წულაძე, ნევროლოგი;
  • ნინო ზავრაშვილი, ენდოკრინოლოგი.

ჯგუფის საქმიანობაში, ასევე, ჩაერთულია სახალხო დამცველის აპარატში შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე დასაქმებული ექიმი, მედიცინის დოქტორი მერაბ ქავთარაძე.

სამედიცინო ჯგუფის წევრები გუშინ, 4 საათის განმავლობაში, იმყოფებოდნენ გლდანის მე-18 დაწესებულებაში. ისინი საკუთარ დასკვნას დღეს, პრესკონფერენციაზე გაახმოვანებენ.

სახალხო დამცველს კანონმდებლობა აძლევს უფლებამოსილებას, შექმნას მულტიპროფილურ ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც მონიტორინგს გაუწევს სახელმწიფოს მიერ პატიმრისთვის მიწოდებული სამედიცინო სერვისის ეფექტიანობას.

სახალხო დამცველმა სამედიცინო ჯგუფის შექმნის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც პენიტენციურ დაწესებულებაში მთავრობის მიერ შექმნილი კონსილიუმის წევრები არ შეუშვეს.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 48-ე დღეა შიმშილობს.

ის მზადაა, შეწყვიტოს შიმშილობა იმ შემთხვევაში, თუ მას სამოქალაქო ტიპის საავადმყოფოში გადაიყვანენ. მიუხედავად ექიმების მოწოდებისა, ხელისუფლება ამ დრომდე უარს აცხადებს სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაზე.

კობახიძე ამბობს, რომ მოშიმშილე სააკაშვილს არ სჭირდება შიმშილობის შეწყვეტის შემდეგ მულტიფუნქციურ საავადმყოფოში გადაყვანა.

“არის ახირებული მოთხოვნა სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანასთან დაკავშირებით, რაც მას არ სჭირდება. მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ შეწყვეტდა შიმშილობას შემდეგ გადაყვანის პირობით. შიმშილობის შემდეგ, მით უმეტეს, ყვველა ძალიან კარგად ხვდება — მილიონ ადამიანს უშიმშილია საქართველოში — არავის სჭირდება არანაირი მულტიფუნქციური და მაღალტექნოლოგიური კლინიკა იმისთვის, რომ გაიაროს რეაბილიტაცია. ერთადერთი, რაც სჭირდება ადამიანს შიმშილობის შემდეგ, ეს არის საკვების სათანადო დოზირება”, — განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი