ანესთეზიოლოგი კახაბერ ბუცხრიკიძე აცხადებს, რომ პროტესტის ნიშნად შიმშილობას იწყებს.
როგორც თავად განმარტავს, ამ გადაწყვეტილებას მიხეილ სააკაშვილის შიმშილსა და მის მიმართ სახელმწიფოს დამოკიდებულებას უკავშირებს.
ბუცხრიკიძე ასევე დასძენს, რომ არც ახლა და არც არასდროს არცერთი პარტიის წევრი არ ყოფილა.
„ვაპირებ შიმშილობას, იმიტომ, რომ ჩემი შვილები და შვილიშვილები რომ შემეკითხებიან რამდენიმე წლის შემდეგ – ასეთ დღეში რატომ ვართო, მე ვეტყვი, რომ ყველაფერი ვქენი, რაც შემეძლო“, – თქვა მან „ტვ პირველის“ ეთერში.
„არ მაქვს საუბარი, ვინ რა დააშავა, მაგრამ პატიმარი, რომელიც 45 დღეა შიმშილობს – ასე დასცინიან.. არ ვიცი. ეს კადრები რომ არ მენახა, კიდევ არა უშავს… მთელი რუსები ხომ გაახარეს..მეტი მე არაფრის გაკეთება არ შემიძლია, მე შემიძლია ავადმყოფს ვუმკურნალო ან ვიშიმშილო, მე მეტი ვერაფერს გავაკეთებ. გადავწყვიტე შიმშილობა“, – ამბობს ბუცხრიკიძე.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 46-ე დღეა შიმშილობს.
მიხეილ სააკაშვილი მზადაა, შეწყვიტოს შიმშილობა იმ შემთხვევაში, თუ მას სამოქალაქო ტიპის საავადმყოფოში გადაიყვანენ. სახალხო დამცველმაც არაერთხელ განაცხადა, რომ ციხის საავადმყოფო არ შეეფერება ექიმთა კონსილიუმის მიერ გაცემულ რეკომენდაციებს. მიუხედავად ექიმების მოწოდებისა, ხელისუფლება ამ დრომდე უარს აცხადებს სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაზე.
სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა გლდანის ციხის საავადმყოფოში მიხეილ სააკაშვილის გადაყვანის ამსახველი ორი ვიდეო 11 ნოემბერს გაავრცელა.
პირველ ვიდეოში ჩანს მიხეილ სააკაშვილის იძულებითი გადაყვანის კადრები. ვიდეოს ხმა არ აქვს და, სავარაუდოდ, სათვალთვალო კამერითაა გადაღებული.
მეორე ვიდეო ციხეში გადაყვანამდეა გადაღებული. კადრებში ისმის, როგორ ითხოვს სააკაშვილი რუსთავის ციხეში დაბრუნებას და უარს აცხადებს ციხის საავადმყოფოში საკუთარი ნებით შესვლაზე.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური აცხადებს, რომ კატეგორიულად მიუღებელია მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების გასაჯაროება და მოუწოდებს იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს, შეწყვიტონ მსგავსი ინფორმაციის შემცველი ვიდეოჩანაწერების გავრცელება.