შესაძლოა, რუსეთი უკრაინაში შეჭრის გამეორებას ცდილობს — ბლინკენი

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატები შეშფოთებულია ანგარიშებით, რომელიც ასახავს რუსეთის უჩვეულო სამხედრო მოქმედებას, რაც შესაძლოა ნიშნავდეს რუსეთის მიერ უკრაინის დაპყრობის კიდევ ერთ მცდელობას.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან, დმიტრო კულებასთან ერთად გამართულ ბრიფინგზე ბლინკენმა განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ძალიან აქტიურად აკვირდება რუსეთის მოქმედებებს.

„ჩვენი შეშფოთება მდგომარეობს იმაში, რომ რუსეთმა შესაძლოა დაუშვას ძალიან სერიოზული შეცდომა და ხელახლა სცადოს ის, რაც მან ჯერ კიდევ 2014 წელს გააკეთა, როდესაც განალაგა საკუთარი ძალები უკრაინის საზღვრის გასწვრივ, შეიჭრა უკრაინის სუვერენულ ტერიტორიაზე და განაცხადა, რომ ამგვარად პროვოცირების გამო მოიქცა.

„ასე რომ, ეს სპექტაკლი, რომელიც ჩვენ უკვე ვნახეთ წარსულში, იყო იმისათვის, რათა ზოგი პროვოკაცია მიიჩნია იმის დასაბუთებად, რომ გაეკეთებინა ის, რის გაკეთებასაც აპირებდა და გეგმავდა. ამიტომაც ჩვენ ამას ძალიან ყურადღებით ვუყურებთ“, — განაცხადა ბლინკენმა.

„ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა მოგვაწოდეს მონაცემები, რომელიც ცხადყოფს რუსეთის გაზრდილ მოქმედებებსა და კონცენტრაციას უკრაინის საზღვართან. ჩვენ ძალიან მადლიერი ვართ ამ ინფორმაციისთვის. ეს არის უკრაინის მხარდაჭერის მტკიცებულება“, — განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

კრემლის პასუხი

კრემლის პოზიციის თანახმად, რუსეთის სამხედრო ძალების გადაადგილება რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე საფრთხეს არ უქმნის სხვა სახელმწიფოს და თუ საჭირო იქნება, ყველაფერს გააკეთებენ რუსეთის უსაფრთხოების დასაცავად.

„ნატო აქტიურად მოქმედებს ჩვენს საზღვრებთან. მოსკოვი მიიღებს შესაბამის ზომებს, რათა უზრუნველყოს საკუთარი უსაფრთხოება და აღმოფხვრას რისკები“, – განაცხადა 12 ნოემბერს კრემლის წარმომადგენელმა დიმიტრი პესკოვმა.

პესკოვის თანახმად, განცხადება, რომ რუსეთი გეგმავს უკრაინის დაპყრობას და ვაშინგტონი შეშფოთებულია რუსული ძალების რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე გადაადგილებით, ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან პირველი არ არის.

მისი განცხადებით, რუსული ძალების გადაადგილება რუსეთის ტერიტორიაზე არ უნდა გახდეს ვინმეს შეშფოთების საფუძველი.

პესკოვის მიხედვით, რუსეთი არ წარმოადგენს საფრთხეს ვინმესთვის, ის მხოლოდ საკუთარ საქმეს აკეთებს.

„თუ ჩვენი ოპონენტების მხრიდან იქნება პროვოკაციული მოქმედებები ჩვენი საზღვრების სიახლოვეს, მივიღებთ ზომებს ჩვენი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“, – განაცხადა პესკოვმა.