ახალი ამბები

კიევი თბილისს მოუწოდებს, ღირსეულად მოექცეს სააკაშვილს, დაუშვებლად მიიჩნევს ძალის გამოყენებას — მედია

11 ნოემბერი, 2021 • 1057
კიევი თბილისს მოუწოდებს, ღირსეულად მოექცეს სააკაშვილს, დაუშვებლად მიიჩნევს ძალის გამოყენებას — მედია

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს თქმით, საქართველო ღირსეულად უნდა მოექცეს უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილს და დაუშვებელია მის წინააღმდეგ ძალის გამოყენება — წერს უკრაინული მედია უწყების პრესსამსახურზე დაყრდნობით.

ადგილობრივი გამოცემების თანახმად, ეს გზავნილი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მიკოლა ტოჩიცკიმ დღეს, 11 ნოემბერს, უკრაინაში საქართველოს ელჩთან, გიორგი ზაქარაშვილთან შეხვედრისას გაახმიანა.

“მინისტრის მოადგილემ ქართულ მხარეს გააცნო ჩვენი სახელმწიფოს პოზიცია უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ ღირსეულად მოპყრობის აუცილებლობისა და მისდამი ფიზიკური ძალის გამოყენების დაუშვებლობის შესახებ”, — ციტირებს გამოცემა “ევროპეისკაია პრავდა” სამინისტროს პრესსამსახურს.

ამავე ცნობის თანახმად, ტოჩისკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა განაგრძობს დაკვირვებას სააკაშვილის უფლებების საკითხზე, რომელთა უზრუნველყოფაც საქართველოს ვალდებულებაა საერთაშორისო სამართლის შესაბამისად.

მიმდინარე კვირაში ეს უკვე მეორე შეხვედრაა უკრაინის საგარეო უწყების წარმომადგენელსა და საქართველოს ელჩს შორის. პირველ შეხვედრაზეც სააკაშვილის საკითხი განიხილეს.

პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტი სააკაშვილი, რომელიც 42-ე დღეა, პროტესტის ნიშნად შიმშილობს, 8 ნოემბერს, თავისი ნების საწინააღმდეგოდ გადაიყვანეს გლდანის ციხის საავადმყოფოში.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო სააკაშვილის გადაყვანის ფაქტს იმავე დღეს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ უკრაინის მოქალაქის დარჩენა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დამატებით რისკებს ქმნის.

11 ნოემბერს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა ორი ვიდეო გაავრცელა.

პირველ ვიდეოში ჩანს მიხეილ სააკაშვილის იძულებითი გადაყვანის კადრები. ვიდეოს ხმა არ აქვს და, სავარაუდოდ, სათვალთვალო კამერითაა გადაღებული.

მეორე ვიდეო ციხეში გადაყვანამდეა გადაღებული. კადრებში ისმის, როგორ ითხოვს სააკაშვილი რუსთავის ციხეში დაბრუნებას და უარს აცხადებს ციხის საავადმყოფოში საკუთარი ნებით შესვლაზე.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური აცხადებს, რომ კატეგორიულად მიუღებელია მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების გასაჯაროება და მოუწოდებს იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს, შეწყვიტონ მსგავსი ინფორმაციის შემცველი ვიდეოჩანაწერების გავრცელება.

კადრების გავრცელების გამო იუსტიციის სამინისტრო და პენიტენციური სამსახური სახალხო დამცველმაც გააკრიტიკა.

მასალების გადაბეჭდვის წესი