ახალი ამბები

შიმშილობას არ შევწყვეტ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანამდე — ხოშტარია

11 ნოემბერი, 2021 • 1064
შიმშილობას არ შევწყვეტ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანამდე — ხოშტარია

ელენე ხოშტარიას თქმით, შიმშილობას მანამ არ შეწყვეტს, სანამ მიხეილ სააკაშვილს სამოქალაქო კლინიკაში არ გადაიყვანენ.

აღნიშნულის შესახებ ხოშტარიამ მას შემდეგ განაცხადა, რაც პატიმრობაში მყოფმა ექსპრეზიდენტმა შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდა.

“სანამ მიხეილ სააკაშვილი არ იქნება გადაყვანილი სამოქალაქო მულტიფუნქციურ კლინიკაში, მე შიმშილობას არ ვწყვეტ”, — დასძინა მან.

ელენე ხოშტარია პარლამენტის შენობაში მეცხრე დღეა, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო, მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობს.

შიმშილობის შეწყვეტის მოწოდებით სააკაშვილმა ხოშტარიას 11 ნოემბერს მიმართა.

ექსპრეზიდენტმა ასევე თქვა, რომ მზადაა, შეწყვიტოს პირველ ოქტომბერს დაწყებული შიმშილობა იმ პირობით, თუ გლდანის ციხის საავადმყოფოდან სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანენ.

ელენე ხოშტარიამ სააკაშვილის ეს განცხადება შეაფასა, როგორც “ძალიან მნიშვნელოვანი და გონივრული”.

“ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც მან თქვა და რაც ჩვენ ყველას უნდა გვესმოდეს, ყველა გაბრაზებულ ადამიანს, ყველა იმ ადამიანს, ვინც იბრძვის ქუჩაში:

დღეს “ქართული ოცნება” ცდილობს, ქართული საზოგადოება გამოიწვიოს სამოქალაქო დაპირისპირებისთვის. აწყობს ღია პროვოკაციებს. ჩვენი ამოცანაა, არ წამოვეგოთ ამას”, — დასძინა მან.

ხოშტარიას თქმით, სააკაშვილი შიმშილობას წყვეტს “ძალიან ლეგიტიმური და კონკრეტული მოთხოვნების დათქმით”.

რაც შეეხება მისდამი მოწოდებას ექსპრეზიდენტის მხრიდან, ხოშტარიამ სააკაშვილს მადლობა გადაუხადა და დასძინა, რომ ესმის ნებისმიერი ადამიანის შიმშილის სიმძიმე.

მისივე განცხადებით, გადაწყვეტილება არავის მითითებით მიუღია და პროტესტის ამ ფორმას მიმართა კონკრეტული მოთხოვნით: მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა არ იყოს საფრთხის ქვეშ.

“დღეს, კიდევ ერთხელ, ძალიან კონკრეტული გარემოებებით, სტრასბურგის მოთხოვნით და სააკაშვილის კომპრომისით “ქართული ოცნების” ხელშია საბოლოო გასაღები ამ კრიზისის განმუხტვისა”, — აღნიშნა ხოშტარიამ.

მიხეილ სააკაშვილი 42-ე დღეა, შიმშილობს. ის პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს მის წინააღმდეგ აღძრულ საქმეებს.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დროებითი ღონისძიების შესახებ მოთხოვნაზე, სახელწოდებით „სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“, გადაწყვეტილება მხარეებს 10 ნოემბერს გაუგზავნა.

სასამართლო ამბობს, რომ მხარეთა ინტერესებისა და საქმის წარმოების სათანადოდ წარმართვის მიზნით გადაწყვიტა,  განმცხადებლისთვის (მიხეილ სააკაშვილისთვის) შიმშილობის შეწყვეტისკენ მოეწოდებინა.

“სასამართლომ ასევე გადაწყვიტა, რომ მთავრობამ მას (სასამართლოს) უნდა აცნობოს აპლიკანტის (მიხეილ სააკაშვილის) ჯანმრთელობის ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ (ისევე, როგორც ციხის საავადმყოფოში გაწეული სამედიცინო მკურნალობის შესახებ) და (მთავრობამ) უნდა უზრუნველყოს საპყრობილეში ყოფნისას მისი უსაფრთხოება და შესაბამისი სამედიცინო მკურნალობა შიმშილობის შეწყვეტის შემდგომი პერიოდისას”, — წერია გადაწყვეტილებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი