საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) განცხადებას ავრცელებს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ვიდეოჩანაწერების გავრცელებაზე.
ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახური მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის ვიდეოჩანაწერებს დაუსაბუთებლად ავრცელებს და არ ითვალისწინებს მოწოდებებს პატიმრის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვაზე:
„მიუხედავად სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის არაერთი გაფრთხილებისა, სახალხო დამცველისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მოწოდებებისა, სპეციალური პენიტენციური სამსახური არ ითვალისწინებს მსჯავრდებულის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვის, პატივისა და ღირსების უფლებას და დაუსაბუთებლად ასაჯაროებს ვიდეოკადრებს“, – აცხადებენ საიაში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინრე, ორგანიზაცია მოუწოდებს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს:
- შეწყვიტოს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ვიდეოკადრების გავრცელება და დაელოდოს ამ საკითხთან დაკავშირებით სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მხრიდან საკითხის შესწავლის დასრულებას;
- ითანამშრომლოს საგამოძიებო ორგანოებთან ჩანაწერებში არსებულ სავარაუდო დარღვევებთან დაკავშირებით.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც პირველ ოქტომბერს დააკავეს თბილისში და მას შემდეგ შიმშილობს, გლდანის ციხის საავადმყოფოში (მე-18 სამედიცინო დაწესებულებაში) 8 ნოემბერს გადაიყვანეს.
მთავრობა უარს აცხადებდა სამოქალაქო საავადმყოფოში სააკაშვილის გადაყვანაზე და აცხადებდა, რომ საჭიროების შემთხვევაში, სააკაშვილს სწორედ მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში (ციხის საავადმყოფოში) გადაიყვანდა.
თუმცა, სახალხო დამცველის თქმით, აღნიშნულ დაწესებულებაში არსებული ვითარება სრულად ისევ არ შეესაბამება კონსილიუმის გაცემულ დასკვნებსა და რეკომენდაციებს. გლდანის კლინიკაში გადაყვანას ეწინააღმდეგებოდა თავად სააკაშვილიც. ის აცხადებს, რომ იქ მოტყუებით გადაიყვანეს.
იუსტიციის სამინისტრომ/სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა გამოაქვეყნა გლდანის ციხის საავადმყოფოში (მე-18 სამედიცინო დაწესებულებაში) მიხეილ სააკაშვილის გადაყვანის ამსახველი კადრები.