გაათავისუფლეს ექიმი, რომელიც სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანამდე პაციენტების მკურნალობაზე უარს ამბობდა

შესწორება: ნიუსის თავდაპირველ სათაურში ეწერა, რომ ექიმი სააკაშვილის გათავისუფლებამდე უარს ამბობდა პაციენტების მომსახურებაზე. სინამდვილეში, მისი მოთხოვნა ყოფილი პრეზიდენტის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანაა. 

ოზურგეთში კლინიკა „მედალფას“ რეანიმაციისა და ანესთეზეოლოგიის სამსახურის კოორდინატორი ლევან გოგუაძე, რომელიც მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანამდე პაციენტების მკურნალობაზე უარს აცხადებდა, სამსახურიდან დაითხოვეს.

„მე, როგორც ექიმი, აღშფოთებული ვარ. პირდაპირ მივატოვე სამსახური ორი დღის წინ და წამოვედი. უარს ვაცხადებ პაციენტების მკურნალობაზე. ეს იქნება ძალიან ბევრი პაციენტი, თუ ბატონი მიხეილ სააკაშვილი არ იქნება გადაყვანილი [სამოქალაქო] კლინიკაში“, – განაცხადა ლევან გოგუაძემ 8 ნოემბერს „მთავარ არხთან საუბარში“.

11 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ ის სამსახურიდან დაითხოვეს.

ექიმი გოგუაძე ამბობს, რომ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაში მონაწილეობისთვის დასაჯეს.

„ნეტგაზეთი“ დაუკავშირდა კლინიკის დირექტორ დავით მდინარაძეს, რომელმაც განგვიცხადა, რომ გოგუაძე სამსახურში ხელმძღვანელობის გაფრთხილების გარეშე არ გამოცხადდა, რითაც საფრთხე შეუქმნა პაციენტებს.

„ბატონი ლევანი 5 ნოემბერს წავიდა სამსახურიდან, რის შემდეგაც წასულა თბილისში. 7 ნოემბერს, როცა მორიგე იყო რეანიმაციის განყოფილებაში, სადაც უმძიმესი პაციენტები იყვნენ, ის არ გამოცხადდა. ტელეფონს არ პასუხობდა. არც არავისთვის დაურეკავს კლინიკაში. 8-ში დილით ვნახე, ტელევიზორში რომ აცხადებდა, მივატოვე მორიგეობა, კლინიკა და ყველა ექიმს მოვუწოდებ, ნუ სხედან სტაციონარში და წამოვიდნენ მიტინგზეო. შემდეგ დამირეკა მე, ჩავერთე საპროტესტო მოძრაობაში და სამსახურში ვეღარ ვივლიო“, -ამბობს მდინარაძე.

კლინიკის დირექტორი აცხადებს: „30 წელია ერთად ვმუშაობთ, მაგრამ ყველაფერს აქვს თავისი წესი“.

„დღეს გამოცხადდა სამსახურში, ვითომც არაფერი. 5-ში რომ წავიდა, გამოცხადდა დღეს. არც შვებულება დაუწერია, არც ვინმესთვის უთხოვია, არც დაურეკავს“, – ამბობს იგი.

კითხვაზე, იყო თუ არა შესაძლებელი დაუყოვნებლივ გათავისუფლების ნაცვლად გაფრთხილების მიცემა ექიმისთვის, დირექტორი პასუხობს:

„ადამიანი როდესაც მიატივებს კლინიკას, არ აინტერესებს იქ მძიმე პაციენტების ბედი… ისეთ დღეში ჩავცვივდით, როდესაც პაციენტები ასე დაგვრჩა. წარმოიდგინეთ, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სამსახურის ხელმძღვანელი გვაკლდა და ვერაფერს ვაკეთებდით“.

ექიმი გოგუაძე კი „ტვ პირველთან“ საუბარში აცხადებს, რომ „პაციენტებს არავითარი პრობლემა არ შექმნიათ, იმიტომ რომ იქ იყო მორიგე ექიმი და უმცროსი ექიმი“.