ახალი ამბები

12 ნოემბერს აქციები 2 მეტროსადგურთან გაიმართება — მელია

11 ნოემბერი, 2021 • 1220
12 ნოემბერს აქციები 2 მეტროსადგურთან გაიმართება — მელია

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” 12 ნოემბერს აქციებს კვლავ თბილისში, ორ მეტროსადგურთან გამართავს. აღნიშნულის შესახებ პარტიის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა.

მისი თქმით, აქციები 14:00 საათზე 300 არაგველის მეტროსადგურთან და დიდუბის მეტროსადგურის ქვედა შესასვლელთან გაიმართება.

“უკვე ყველანი საათობრივად ვრწმუნდებით, რომ მწვავე, არაძალადობრივი, ყოველდღიური, უწყვეტი, ორგანიზებული და დისციპლინირებული პროტესტი თავის შედეგს იღებს.

ვრწმუნდებით, რომ ეს პროტესტის ის ფორმაა, რომელიც არ შედიოდა და არ შედის რეჟიმის გეგმებში, მაგრამ შედის ამ ქვეყნის მომავლის გეგმებში”, — დასძინა მან.

ამავე ბრიფინგზე მელია მიესალმა სააკაშვილის გზავნილს, რომ მზადაა შიმშილობის შესაწყვეტად, თუ მისი მკურნალობა სამოქალაქო კლინიკაში გაგრძელდება.

“ბრძოლა გამარჯვებამდე და ბრძოლა ამ ქვეყნის უკეთეს მომავლამდე”, — თქვა მან.

რამდენიმე დღეა, თბილისის სხვადასხვა წერტილში ენმ აქციებს ორგანიზებას უწევს. პროტესტმა ინტენსიური სახე მიიღო მას შემდეგ, რაც პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხის საავადმყოფოში მისი ნების საწინააღმდეგოდ გადაიყვანეს.

11 ნოემბერს გამართული აქციის მონაწილეები თავდაპირველად ვაჟა-ფშაველას ძეგლთან შეიკრიბნენ, შემდეგ კი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან გადაინაცვლეს.

1 დღით ადრე აქციები 3 ადმინისტრაციული შენობის მიმდებარედ გაიმართა. იმ დღეს პოლიციამ 46 ადამიანი დააკავა.

უწყების მტკიცებით, ეს იქ მოხდა, სადაც “აქციის მონაწილეები გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს, ასევე შეეცადნენ ადმინისტრაციული შენობების შესასვლელების ბლოკირებას”.

აქტივისტები დღის პირველ ნახევარში დააკავეს, თუმცა არაერთი მათგანის შემთხვევაში, ადვოკატებმა საღამოსაც არ იცოდნენ, სად იმყოფებოდნენ მათი დაცვის ქვეშ მყოფები.

არასამთავრობო სექტორში ამბობენ, რომ პოლიცია ადამიანებს უსაფუძვლოდ აკავებს, ასევე, უზღუდავს ადვოკატებთან კომუნიკაციას.

შეწყვიტეთ რეპრესიული ზომების გამოყენება მშვიდობიანი აქტივისტებისადმი — 5 NGO ხელისუფლებას

მასალების გადაბეჭდვის წესი