უკრაინის სახალხო დამცველი, ლიუდმილა დენისოვა აცხადებს, რომ საქართველოს ელჩმა გიორგი ზაქარაშვილმა მასთან შეხვედრა გააუქმა, მიზეზად კი „პოლიტიკური კონტექსტი“ და სააკაშვილზე უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება დაასახელა.
„მე მივიღე ინფორმაცია, რომ უკრაინაში საქართველოს ელჩმა გიორგი ზაქარაშვილმა გააუქმა ჩემთან შეხვედრის შეთავაზება „მიხეილ სააკაშვილზე უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების პოლიტიკური კონტექსტისა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კონსულტაციების საჭიროების“ გამო” – წერს დენისოვა.
ომბუდსმენის თქმით, შეხვედრისას მას უნდოდა მოესმინა განმარტებები უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის უფლებების დარღვევების შესახებ.
სახალხო დამცველი განცხადებაში წერს, რომ სააკაშვილის შემთხვევაში ირღვევა ადამიანის უფლებათა კონვენციის რამდენიმე მუხლი, მათ შორის ისიც, რომელიც ადამიანებს წამებისა და არაადამიანური მოპყრობისგან იცავს.
„საქართველოს ოფიციალური უწყებების მხრიდან მე ვგმობ უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის უფლებებისა და თავისუფლების ასეთ სისტემურ და უხეშ დარღვევას და მოვუწოდებ უცხო ქვეყნებსა და საერთაშორისო უფლებადამცველ ორგანიზაციებს, რომ დაუყოვნებლივ უპასუხონ საქართველოს ხელისუფლებასა და მოითხოვონ უფლებათა აღდგენა“, – აცხადებს ლიუდმილა დენისოვა.
ნეტგაზეთმა დენისოვას განცხადებასთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტროს კითხვებით მიმართა. უწყებისგან პასუხის მიღებისთანავე მასალა განახლდება.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პირველი ოქტომბრიდან, დაკავების დღიდან, უკვე მე-40 დღეა ციხეში შიმშილობს. მთავრობა ამ დრომდე უარს აცხადებს სააკაშვილის სამოქალაქო ტიპის საავადმყოფოში გადაყვანაზე. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი თავისი ნების საწინააღმდეგოდ 8 ნოემბერს გადაიყვანეს გლდანში, სასჯელაღსრულების მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში.
საქართველოს სახალხო დამცველის თქმით, აღნიშნულ დაწესებულებაში არსებული ვითარება სრულად ისევ არ შეესაბამება ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემულ დასკვნებსა და რეკომენდაციებს.