ახალი ამბები

„ყველამ ნახა, ფიზიკურად კარგ მდგომარეობაშია, ამის მიზეზია, რომ ჭამს“ — კობახიძე სააკაშვილზე

9 ნოემბერი, 2021 • 1192
„ყველამ ნახა, ფიზიკურად კარგ მდგომარეობაშია, ამის მიზეზია, რომ ჭამს“ — კობახიძე სააკაშვილზე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე კვლავ ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი ციხეში არ შიმშილობს.

კობახიძის თქმით, გუშინ, 8 ნოემბერს, პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული კადრები ადასტურებს, რომ ექსპრეზიდენტი ფიზიკურად კარგ მდგომარეობაშია, რისი მიზეზიც ისაა, რომ სააკაშვილი არ შიმშილობს:

„შესაბამისი უწყება დეტალებთან დაკავშირებით გააკეთებს განცხადებას. ყველამ მიიღო ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად ფეიკია მისი შიმშილობა. ამის ვიდეომტკიცებულებებიც იხილა საზოგადოებამ. როგორი ფეიკიცაა მიხეილ სააკაშვილი, ასეთივე ფეიკია მისი შიმშილობა. გუშინ ყველამ ისიც დაინახა, რომ ფიზიკურად საკმაოდ კარგ მდგომარეობაშია მიხეილ სააკაშვილი და ამის მიზეზია, რომ ის ჭამს“, — ამბობს ირაკლი კობახიძე.

ჟურნალისტებმა „ოცნების“ თავმჯდომარეს ჰკითხეს, თუ სააკაშვილის შიმშილობა სიცრუეა, მაშინ რატომ გადაიყვანეს გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულებაში, რაზეც კობახიძემ განაცხადა:

„შიმშილობა არის ფეიკი, რაც შეეხება გადაყვანას, ამაზე პასუხს გაგცემთ შესაბამისი უწყება“.

მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხის საავადმყოფოში (მე-18 სამედიცინო დაწესებულებაში) 8 ნოემბერს გადაიყვანეს.

ცოტა ხნით ადრე მიხეილ სააკაშვილის მკურნალმა ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ განაცხადა, რომ კონსილიუმმა სააკაშვილის დაუყოვნებლივი ჰოსპიტალიზაციის რეკომენდაცია გასცა.

„ავადმყოფი გადაუდებლად იქნეს გადაყვანილი მაღალპროფილურ სამედიცინო დაწესებულებაში, მაღალპროფილურ სამოქალაქო დაწესებულებაში“, – განაცხადა ყიფშიძემ.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მე-40 დღეა ციხეში შიმშილობს.

მთავრობა უარს აცხადებდა სამოქალაქო საავადმყოფოში სააკაშვილის გადაყვანაზე და აცხადებდა, რომ საჭიროების შემთხვევაში, სააკაშვილს სწორედ მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში (ციხის საავადმყოფოში) გადაიყვანდა.თუმცა, სახალხო დამცველის თქმით, აღნიშნულ დაწესებულებაში არსებული ვითარება სრულად ისევ არ შეესაბამება მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემულ დასკვნებსა და რეკომენდაციებს. გლდანის კლინიკაში გადაყვანას ეწინააღმდეგებოდა თაავად სააკაშვილიც.

მასალების გადაბეჭდვის წესი