ნიღბების ტარება 34%-მდე შემცირდა – IHME-ს მოდელირება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ქვეყანაში ნიღბების ტარების მაჩვენებელი 35 პროცენტამდე დაეცა.

საქართველო ეყრდნობა სიეტლის ვაშინგტონის უნივერსიტეტის (UW) ჯანმრთელობის გაზომვისა და შეფასების ინსტიტუტის (IHME) მოდელირებას, რომელიც ვირუსის გავრცელების შესაძლო პროექციებს იკვლევს. ამ მოდელის მიხედვითაც, ამ დროისთვის ქვეყანაში ნიღბების ტარების მაჩვენებელი 34 პროცენტამდეა შემცირებული.

77-დან 34 პროცენტამდე

უახლესი დადასტურებული მონაცემი, რომელიც ჯანმრთელობის გაზომვისა და შეფასების ინსტიტუტის მოდელირებაშია ნაჩვენები, 2021 წლის 15 ოქტომბრით თარიღდება. ამ თარიღის შემდეგ, მონაცემები მოდელირების შედეგად მიიღება.

15 ოქტომბერს, მოდელირების მიხედვით, ქვეყანაში ნიღაბს მოსახლეობის 34 პროცენტი ატარებდა, რაც მომდევნო პერიოდშიც გაგრძელდა.

ნიღბების ტარების მაჩვენებელი საქართველოში/IHME

შედარებისთვის, 2021 წლის მარტის ბოლოსა და აპრილის დასაწყისში, ქვეყანაში ნიღბების ტარების მონაცემი 77 პროცენტი იყო.

მონაცემების დაანგარიშება ხდება ადგილობრივი და ცენტრალური მთავრობების, საავადმყოფოთა ქსელებისა და ასოციაციების, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და სხვა სახის წყაროების მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე.

ნიღბების ტარების მონაცემთა დაანგარიშება ხდება მონაცემთა შეგროვებისა და კვლევის პლატფორმა Premise-ს, კარნეგი-მელონის და მერილენდის უნივერსიტეტების, Facebook-ის, Kaiser Family Foundation-ისა და YouGov-ის მონაცემებზე დაყრდნობით.