საქართველოს ყოფილი პრეიდენტი მიხეილ სააკაშვილი პენიტენციური სამსახურის მიერ გასაჯაროებულ კადრება ეხმაურება.
“რა კადრები გამოაქვეყნა დღეს ივანიშვილმა? – ზუსტად ის, რაც დაწერა სახალხო დამცველმა და არაერთხელ ვთქვი მეც, რომ მედპუნქტში ექიმებისგან ვიღებდი კონსილიუმის გამოწერილ მინერალურ და მიკროელემენტურ დანამატებს, რაც წონის კლების პირობებში, აუცილებელია სასიცოცხლო მაჩვენებლების, პულსის, გულისცემის და მინიმალური გლუკოზის მისაღებად. სამედიცინო კაბინეტში საჭმელად არავინ დადის, იქ სამედიცინო მანიპულაციას უტარებენ პაციენტებს. სამედიცინო კაბინეტში ოფიციალურად აყენია ვიდეოკამერები, ოღონდ არა გამოქვეყნების, არამედ უსაფრთხოების მიზნით. რა თქმა უნდა, ვიცოდი რომ იწერდნენ და სხვა თუ არაფერი, ეს კიდევ აბსურდულს ხდის ამ ვიდეოკადრებს”,- აცხადებს სააკაშვილი.
მისი თქმით, ყველაფერი, რასაც ციხეში იღებს, დოკუმენტირებულია, თუმცა პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული ფოტოებზე ასახული საკვები არ უნახავს.
“ამ კონკრეტულ „კონსერვებზე“, რომელთა ფოტო აჩვენეს, ხელი არ მომიწერია და არც მინახავს. არც მაგიდაზე ან სადმე სხვაგან არ ჩანს ეს ქილები, არადა, თვალთვალის კამერები ძალიან თანამედროვეა და შეეძლოთ ადვილად დაეზუმათ და ეჩვენებინათ. კვლავ ვიმეორებ, საკვების მიღება შესაძლებელია მხოლოდ საკანში და მეტი არსად, ხოლო სამედიცინო ოთახში შეგიძლია მიიღო მხოლოდ ექიმების მიერ გამოწერილი მედიკამენტები, სხვადასხვა ფორმით – ტაბლეტის, გადასხმის თუ სითხის სახით”,- აცხადებს სააკაშვილი და დასძენს, რომ სწორედ ამგვარი განმარტება მიიღო ყველა გამოქვეყნებულ შემთხვევაში, რომ წამლებს ღებულობდა.
“კადრების სრულიად სამარცხვინო და დანაშაულებრივი გამოქვეყნებით მე ნამდვილად ვერაფერი დამაკლეს. უფრო პირიქით, ყველა დარწმუნდა, რომ ნამდვილად ვშიმშილობ და, რბილად რომ ვთქვათ, საუკეთესო ფორმაში არ ვიმყოფები. ამ კადრების გამოქვეყნებით უდიდესი შეურაცხყოფა მიაყენეს ციხის სამედიცინო პერსონალს, რომელთაც დღეს მე განმიცხადეს, რომ დღემდე არ დამირღვევია შიმშილობის ნორმები და ის, რასაც ვიღებ ექიმის დანიშნულებით, არ წარმოადგენს კვებას. იგივე უთხრეს სახალხო დამცველის წარმომადგენელსაც, რაც აისახა კიდეც მის დღევანდელ დასკვნაში”,- აცხადებს სააკაშვილი.
ყველაფერი ზემოთაღნიშნულის ფონზე, სააკაშვილის თქმით, შაბათის დილიდან უკვე არ იღებს არანაირ დანამატს, რომელზეც წერილობითი თანხმობა ჰქონდა კონსილიუმისთვის მიცემული და ახლა მისი მდგომარეობა, ალბათ, კიდევ უფრო სწრაფი ტემპით გაუარესდება.
“მიუხედავად ამისა, ამოუწურავია ჩემი რწმენა, რწმენა გამარჯვების და თავისუფლების. განსაკუთრებით, ციხესთან დღევანდელი უპრეცედენტო სოლიდარობის აქციის შემდეგ, რისთვისაც მადლობას ვუხდი თითოეულ იქ მყოფს. მთავარი უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი უპირველესი ამოცანა ოლიგარქის მიერ მიტაცებული ხელისუფლების დაბრუნებაა მისი ჭეშმარიტი და ერთადერთი მფლობელის, ქართველი ხალხისთვის. ამიტომ, არ უნდა დაგვავიწყდეს, მათ შორის, ჩემმა საკითხმაც არ უნდა შეგვიცვალოს მთავარი ფოკუსი – მოპარული არჩევნების დაბრუნება და ივანიშვილის რეჟიმის ჩამოშორება ქვეყნის მართვის სადავეებიდან”,- აცხადებს სააკაშვილი.
მიხეილ სააკაშვილის განცხადება “ფეისბუქში”, მის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა. მანამდე იგივე გზავნილის გადასაცემად მან სახალხო დამცველის წარმომადგენელთან შეხვედრა მოითხოვა. ექს-პრეზიდენტი ომბუდსმენის მოადგილე გიორგი ბურჯანაძემ მოინახულა, რომელმაც დაადასტურა, რომ სააკაშვილის მონათხრობი ექიმების რეკომენდაციით საკვები დანამატების მცირე დოზით მიღების შესახებ დასტურდება სამედიცინო ჩანაწერებით.