ახალი ამბები

თითო ვაქცინირებულმა 1 ადამიანიც რომ დაარწმუნოს, ეპიდსურათი გაუმჯობესდება — გაბუნია

3 ნოემბერი, 2021 • 1109
თითო ვაქცინირებულმა 1 ადამიანიც რომ დაარწმუნოს, ეპიდსურათი გაუმჯობესდება — გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ დღეს, 3 ნოემბერს, ჟურნალისტებთან ისაუბრა აცრილი ადამიანების როლზე ვაქცინაციის წახალისებაში.

“დღეს მილიონამდე ადამიანი არის ვაქცინირებული. თითოეულმა ვაქცინირებულმა ადამიანმა რომ იმუშაოს კიდევ ერთ ადამიანთან იმისთვის, რომ დაარწმუნოს ის ვაქცინაციის აუცილებლობაში, ამით ჩვენი ეპიდემიოლოგიური სურათი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება.

მე ვიცი, რაზეც უნდა ვიმუშაო, მაგრამ საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის გაზიარების გარეშე ეპიდემიები არ დამთავრებულა არცერთ ქვეყანაში, ვერც ეს დასრულდება”, — განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, ვაქცინაციის მაჩვენებლის გასაზრდელად არაპირდაპირი ზემოქმედების საშუალება ასევე არის მწვანე საშვის მექანიზმის დანერგვა, რომელზეც მუშაობა მიმდინარეობს და საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე დაზუსტდება, როდის ამოქმედდება.

საქართველოში “მწვანე ზონების” შემოღებასთან დაკავშირებით მსჯელობა რამდენიმე თვეა გრძელდება. “მწვანე პასპორტებს” ანუ დაწესებულებებში კოვიდსტატუსის შემოწმებით დაშვების პრაქტიკას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში უკვე იყენებენ. Euronews-ის თანახმად, ევროპაში “მწვანე პასპორტები” გამოიყენება ავსტრიაში, ბელგიაში, კვიპროსში, საფრანგეთში, საბერძნეთში, უნგრეთში, ისრაელში, იტალიაში, ლიეტუვაში, ლუქსემბურგში, ნიდერლანდებში, პორტუგალიაში, ირლანდიაში, სლოვენიასა და ესპანეთში.

გარკვეულ შემთხვევებში ჩამოთვლილ ქვეყნებს “მწვანე პასპორტების” გამოყენების განსხვავებული მეთოდები აქვთ, ზოგ ქვეყანაში ეს სავალდებულოა, ზოგან კი, მაგალითად, ნიდერლანდებში, არ არის სავალდებულო, თუმცა მხოლოდ იმ ბიზნესებს აქვთ მკაცრი რეგულაციების გარეშე მუშაობის უფლება, რომლებიც “მწვანე პასპორტებს” იყენებენ.

“მწვანე საშვის მექანიზმს ახლავს ეთიკური ნაწილი, მთელი რიგი ტექნიკური აღსრულების საკითხები, რაზეც მიდის მუშაობა და ვფიქრობ, მოკლე ხანში მზად იქნება ეს სისტემა იმისთვის, რომ გაეშვას”, — განაცხადა თამარ გაბუნიამ.


ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 6 024 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 49 ადამიანი და გამოჯანმრთელდა 3 818 პირი.

NCDC-ის ინფორმაციით 3 ნოემბრის მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით სულ ჩატარებულია 1 986 729 აცრა, აქედან, სულ მცირე, ერთი დოზით ვაქცინირებულია 1 040 022 ადამიანი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 36.6 %-ს შეადგენს.

თამარ გაბუნიას ინფორმაციით, ჯერჯერობით საავადმყოფოებში ნაკადების მართვა საველე ჰოსპიტლების მობილიზების გარეშე ხერხდება, თავისუფალია 2 500 საწოლი, თუმცა რეანიმაციულ განყოფილებაში პაციენტების რაოდენობა იმატებს.

“ჯერჯერობით არის კოვიდ სასტუმროების რესურსი. ასე რომ, მომდევნო რამდენიმე დღე ჯერ კიდევ გვექნება იმის საშუალება, აქტიურად იმართოს პაციენტების ნაკადი, თუმცა ეს ვერ იქნება უსასრულო. პარალელურად მნიშვნელოვანია ვაქცინაციის პროგრამის გააქტიურება”, — დასძინა გაბუნიამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი